თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა
თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 44.7%-ით შემცირდა.
ამასთან, თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ზრდა ფიქსირდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი
(80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
სხვა სიახლეები
ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს | მარიამ ქვრივიშვილი
21.11.2026.12:34
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.
„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.