თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.
სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.
ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საერთაშორისო სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ყველა ეტაპზე — მათ შორის, სტადიონის სატენდერო ტექნიკური დავალების მომზადებაში. ექსპერტები პროექტში ჩართულნი იქნებიან სტადიონის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო დასრულებამდე.
სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
სტადიონი გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში.
ახალი სტადიონის მშენებლობა გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას - განვითარდება ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები და მომსახურების სფერო.
ახალი სტადიონის ფუნქციონირების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა როგორც სპორტული, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:23
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.
„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.
ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.
„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია. სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს - დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები - ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.