სულხან თამაზაშვილი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
სულხან თამაზაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ, რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზიც მოწმობს.
,,ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. თქვენი საქმიანობა ქმნის სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.
,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. ბოლო წლებში, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც მარტივად მოწმობს აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზი, რომელიც 2012 წელთან შედარებით, ბოლო მონაცემებით გაზრდილია 208%-ით და რვა მილიარდამდე ლარს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას. ასევე, ერთად მივაღწევთ ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს - აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ოთხივე სეზონზე" - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა წარმოადგინა და სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. მხოლოდ 2025 წლის მეორე კვარტალში, რეგიონის ბიზნეს სექტორის ბრუნვა 8%-ით, პროდუქციის გამოშვება 11%-ით, დასაქმება 10%-ით, ხოლო საშუალო ანაზღაურება 9%-ით გაიზარდა. ასევე, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა უძრავი ქონების ბაზარმაც და წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით გადააჭარბა.
ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.