„იგლჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოში საჯარო მოხელეების შესაყვანად საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება
პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა უკვე დაიწყო. კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომლის ავტორებიც დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი არიან, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რომ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს.
„კანონპროექტით გათვალისწინებულია „კანონის“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდება ახლებური რედაქციით, რომლითაც დადგინდება, რომ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მსგავსად, შესაძლებელია, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.“. ამასთან, „კანონი“ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელად საჯარო მოსამსახურის არსებობის საგამონაკლისო შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ „საინვესტიციო ხელშეკრულებისა“ და „აქციონერთა შეთანხმების“ მოწონებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის - შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები.
აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს ,,იგლჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში - ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით. „ერთობლივი საწარმოს“ მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, აუცილებელია, მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ საჯარო მოსამსახურეები, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
სხვა სიახლეები
ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა - TBC Capital
25.11.2025.13:00
2025 წლის ოქტომბერში თბილისში 4,129 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ განაპირობა დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებამ.
„საშუალო გასაყიდი ფასი 1,347 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელმა ფასმა 10.1 $/კვ.მ შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბაზრის მოცულობამ $369 მილიონს მიაღწია და წლიურად 21%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.