სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას 11 მილიარდი რუბლი დასჭირდება
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისათვის 11 მილიარდი რუბლი იქნება საჭირო, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„[აეროპორტის რეკონსტრუქციის] პროექტი განხორციელების პროცესშია, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2024 წლის დეკემბერია. ინვესტიციების მოცულობა 11 მილიარდი რუბლი“, - ციტირებს ოზგანს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური.
პროექტის მიხედვით, აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ, 3100 მ სიგრძისა და 45 მ სიგანის ასაფრენი/დასაფრენი ბილიკი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას შეძლებს. ასევე აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, გარემონტდება აეროპორტის ისტორიული შენობა, სადაც იგეგმება ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მომსახურება. ახალი აეროპორტის კომპლექსის გამტარუნარიანობა იქნება საათში 1300 მგზავრი იქნება.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებს. 27 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტმა“ გააფორმეს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინარჩუნებს მფლობელობას აეროპორტის, აეროპორტის ინფრასტრუქტურისა და ისტორიული ტერმინალის შენობაზე.
სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი 2020 წლის ნოემბერში სოჭში რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრაზე განიხილეს.
სხვა სიახლეები
სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე
16.04.2026.15:05
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.