სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ქ. რომში, FAO-ს გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიაში მიიღო მონაწილეობა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იტალიის ქ. რომში გამართულ გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 სესიის მუშაობაში მონაწილეობდა. საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებას 2019 წლიდან შეუერთდა. სესიას წინ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა რეგიონალური შეხვედრები უსწრებდა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელით, 2018 წლიდან, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრია; ცენტრი ასევე პასუხისმგებელია ევროპის ქვეყნების მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო კატალოგში (EURISCO) საქართველოში არსებული მცენარეთა გენოფონდის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე.
სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული მცენარეების, ცხოველების, აკვაკულტურის, მიკროორგანიზმების, უხერხემლოების, სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების, განსაკუთრებით ბუნებრივი დამამტვერიანებლების - სახეობების, ჯიშების, პოპულაციების მოძიების, შეგროვების, კონსერვაციის, იდენტიფიცირება-დახასიათების დამცავი მოქნილი მექანიზმების შემუშავების ძირითად საკითხებს, რომელიც უზრულველყოფს მათ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სასურსათო უსაფრთხოებას.
აღინიშნა საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების განსაკუთრებული როლი ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება-განხორციელებაში, რომელიც შეეხება გენეტიკური რესურსების დაცვას, ნიადაგის ნაყოფიერების მართვას, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას, სელექციური სამუშაოების წარმართვას, თესლის წარმოების ნაციონალური პროგრამების შემუშავებას, თესლის ეროვნული ბანკის შექმნას, საინფორმაციო სისტემების დანერგვას და სხვა საკითხებს.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა გამოფენაშიც, რომელშიც იტალიის სხვადასხვა რეგიონის ფერმერები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება
05.10.2026.09:54
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით.
„ყველა კომიტეტი მოისმენს ბიუჯეტში დაგეგმილ ძირითად პარამეტრებს. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მლრდ ლარით, დაგეგმილია 5%-იანი ზრდა. გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იქნება კომიტეტის სხდომაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.