სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა - საქსტატი
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3 პროცენტიანი მატებით, რაც 5.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4 პროცენტით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, 2.13 და 3.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო
პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული
პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
• ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.);
• მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
• ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის სტრუქტურა შეესაბამება საქმიანობის სახეობათა მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკატორის (CPA 2008) ევროპულ სტანდარტს. CPA-ის შესაბამისად მოცულია A-სექციის (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქცია) 01.1, 01.2 და 01.4 ჯგუფები.
ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად მიიღება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, საშუალო წველადობის, პირუტყვის საშუალო ნამატის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების რეალიზაციის შესახებ.
ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.
სხვა სიახლეები
თანაბარი საგადასახადო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსები, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას - შოთა ბერეკაშვილი
24.11.2025.12:21
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას.
„რომლის მიზანია: პირველი - ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა; მეორე - გაცხადებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის იმპორტიორთათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენა; და მესამე - შედეგობრივად დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით.
რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სიგარეტზე აქციზური გადასახადის ცვლილებას. სიგარეტის ბაზრის ბოლო 4 წლის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ადგილობრივი წარმოების წილი მცირდება. კერძოდ, თუ 2020 წელს ადგილობრივი წარმოების წილი შეადგენდა მთლიანი ბაზრის 10–12%-ს, დღეს აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 5–6%-მდე. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში, სადაც 1000-მდე საოჯახო მეურნეობაა დასაქმებული და დამატებით საწარმოო პროცესში ჩართულია 1000-მდე ჩვენი მოქალაქე. აქედან უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი საგადასახადო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსები, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. შედეგად მოსალოდნელია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის კიდევ უფრო შემცირება ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივს, რაც ნიშნავს 1000-მდე საოჯახო მეურნეობის შემოსავლისა და 1000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება მთლიანად არ ჩაანაცვლოს იმპორტმა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ლიმიტირებული მოცულობის ფარგლებში საშეღავათო აქციზის განაკვეთის დაწესება. კერძოდ - ადგილობრივი წარმოების 35 მლნ კოლოფ სიგარეტზე 1.3 ლარი ფიქსირებული და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადის დაწესება.
ასევე საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოცულობა შეადგენს სამომხმარებლო ბაზრის მხოლოდ 10%-ს.
რაც შეეხება მეორე მიზანს, რაც გახლავთ სიგარეტის იმპორტიორთათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის დადგენა - აქ არის შემდეგი სიტუაცია: არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყოველწლიურად სიგარეტზე სააქციზო გადასახადის გადახედვა ზრდის მიმართულებით, თუმცა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სააქციზო გადასახადის იმგვარი ზრდა, რომ არ გამოიწვიოს ინფლაციური წნეხი, რადგან მთლიანი ბაზრის 95%-ს შეადგენს იმპორტირებული სიგარეტი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთის გაზრდა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე, ხოლო ადგილობრივი ადვალური განაკვეთის შემცირება 30%-დან 20%-მდე. აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე 35 მლნ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.
ფისკალური ეფექტი, აღნიშნულ ცვლილებას დადებითი ფისკალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიქსირებული აქციზის განაკვეთის ზრდა 85 თეთრით ნიშნავს თითოეულ გაცემულ აქციზზე 85 თეთრიან საბიუჯეტო შემოსავალს“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
საგულისხმოა, რომ სიგარეტის ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ადგილობრივი წარმოების წილი მთლიანი ბაზრის მოცულობაში მხოლოდ დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ შეზღუდულ მოცულობას წარმოადგენს. არსებული ეკონომიკური გარემოებების პირობებში, როდესაც მისი საცალო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით, ადგილობრივი მწარმოებლები აღმოჩნდნენ ნაკლებად კონკურენტუნარიან მდგომარეობაში. მცირე მოცულობა ზრდის ერთეულზე წარმოების ხარჯებს, რაც საბოლოოდ მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ფასის, ისე ხარისხის, ინვესტიციის მოზიდვის ან წარმოების მასშტაბირების თვალსაზრისით. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მისი საბაზრო წილის ზრდის მიზნით მიზანშეწონილია ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურება, მათ შორის – კონკრეტული საბაზრო სეგმენტისთვის (ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივად წარმოებული სიგარეტებისთვის) გადასახადების შემცირება.