შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზება საჭიროებს ინვესტიციების მაღალ დონეს, ლოგისტიკასა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, რომელიც ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლიათ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ისტორიულად სამხრეთ კავკასიის ევროპასთან დამაკავშირებელი რგოლი იყო. ქვეყანა დღესაც ამ ფუნქციას ასრულებს ტრანსპორტის, მილსადენის ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო კავშირების გათვალისწინებით. სრულად რეალიზებული სათანადო ფუნქციის მქონე შუა დერეფანი გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის სტრატეგიულ პოზიციას ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის. ის ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კავშირებს აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან ცენტრებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საქონლისა და სერვისებისთვის სავაჭრო ნაკადების განვითარებას და ახალ ბაზრებთან წვდომას.
● შუა დერეფნის განვითარებას საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტიმულირება შეუძლია. ახალ ბაზრებთან წვდომასა და ქვეყნის საექსპორტო კალათაში ახალი პროდუქტების დამატებას კი ექსპორტირებული საქონლის ერთ ტონაზე ღირებულების 107 აშშ დოლარით გაზრდა შეუძლია. საქართველო სარგებელს მიიღებს ექსპორტზე ორიენტირებული სასურსათო სექტორის განვითარებისგან, ისევე როგორც სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტისგან, რომელიც სამშენებლო მასალებსა და ფერადი ლითონების მადანს უკავშირდება.
● რამდენიმე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი გააძლიერებს ვაჭრობასა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობას. 2022 წელს მთავრობამ განაცხადა საჯარო-კერძო სექტორის ახალი პარტნიორობის ფორმირების შესახებ ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით შავ ზღვაზე, რომელსაც შეეძლება დიდი კონტეინერების გადამზიდი გემების მიღება. საქართველო ასევე ზრდის ფოთის არსებული პორტის სიმძლავრეს. თუმცა, ეს ინვესტიციები უნდა შეფასდეს არსებული ინფრასტრუქტურის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
● მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით ასევე გაიზარდა ბაქო-თბილისის რკინიგზის სიმძლავრე და განხორციელდა მისი მოდერნიზაცია.
● შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზება საჭიროებს ინვესტიციების მაღალ დონეს ლოგისტიკასა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკის ანგარიში განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მათ შორის:
○ ტრანსპორტის ფასების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაძლიერება;
○ ტვირთების გადაადგილების მიკვლევადობის უზრუნველყოფა რეალური დროის საინფორმაციო სისტემების საშუალებით.
○ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეუფერხებელი გადასვლის ხელშეწყობა, პროცესების გამარტივება როგორც რკინიგზის, ისე კასპიის ზღვის მარშრუტისთვის.
○ ტვირთის კონსოლიდაციის წახალისება და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ბალანსის გასაუმჯობესებლად, ლოგისტიკური ჰაბების შექმნის სტიმულირებით.
○ პორტი - რკინიგზა/საგზაო ოპერაციების გაზრდა და ნავიგაციის არხების ოპტიმიზაცია საერთო ეფექტიანობის ასამაღლებლად.
○ კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად კონტეინერის საპორტო ტარიფების შემცირება, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალია შავ ზღვაზე.
○ მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთის პუნქტში და საგზაო და საპორტო საერთაშორისო გადაზიდვების გაუმჯობესება სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიზნით.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.