შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება - როგორია საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლების გეგმა
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული ელმავლების რემონტი აღარ მოხდება, რადგან ეფექტური არ არის და მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი ელმავლებით.
„სამწუხაროდ, დღეს რკინიგზაში საკმაოდ პრობლემური მდგომარეობაა მოძრავი შემადგენლობის მიმართულებით, როგორც სავაგონო, ისე სალოკომოტივო კუთხით. ჩვენ 30–40 წლის ელმავლებით ვატარებთ ტვირთს, რაც ძალიან დიდი გამოწვევა და პრობლემაა. წარმოუდგენელ პირობებში უწევთ მუშაობა როგორც მემანქანეებს, ასევე მათ, ვინც მოძრაობის ორგანიზებაში არიან ჩართულები. რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი სალოკომოტივო პარკი.
ეს რკინიგზისთვის ერთ-ერთი დიდი პროექტია, რომელსაც განვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალურად ეფექტიანი ორგანიზება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ მოვახდინოთ ძველი ელმავლების რემონტი, რადგან ისინი ძალიან მოძველებულია და მათი შეკეთება აღარ არის გამართლებული. ვიყიდით ახალ, თანამედროვე ელმავლებს“, - აღნიშნა აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ფაქტობრივად, ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი დასრულებულია, ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება - ლაშა აბაშიძე
22.12.2025.13:13
ფაქტობრივად, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღებისა და ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ბაქო-თბილისი-ყარსი უკვე სრულფასოვნად ოპერირებს. ეს არის აზერბაიჯანულ-ქართული მხარის მიერ განხორციელებული პროექტი და აქაც საქართველოს რკინიგზა იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფრასტრუქტურა გვაკავშირებს პირდაპირ თურქეთთან და ზრდის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობას. აღნიშნული პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებითი ტვირთნაკადები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.