შეუძლებელია ისეთი რეგულაციის დანერგვა, რომელსაც თანმდევი ნეგატიური ეფექტები არ ექნება - ლევან ვეფხვაძე
ახალი რეგულაციების დანერგვას, მიუხედავად მათი კეთილშობილური მიზნებისა, ყოველთვის ახლავს გვერდითი ნეგატიური ეფექტები, რის გათვალისწინებაც ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან, რათა რეგულაციების შემუშავების პროცესში დროულად გამოვლინდეს მათი შესაძლო გავლენა ბიზნესზე და მოხდეს ბალანსის პოვნა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ისე ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას.
„ჩვენი ისტორიული მისია ახალ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციაა. ნებისმიერი რეგულაციის მიზანი, იქნება ეს შრომის უსაფრთხოება თუ გარემოს დაცვა, აბსოლუტურად კეთილშობილურია, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი სტანდარტი და საკანონმდებლო ჩარჩო გააჩნია.
შეუძლებელია ისეთი რეგულაციის დანერგვა, რომელსაც თანმდევი ნეგატიური ეფექტები არ ექნება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ეფექტების დროული იდენტიფიცირებაა, რათა განვსაზღვროთ მათი შესაძლო გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე. ამ ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, ერთობლივად უნდა ვიფიქროთ უარყოფითი მხარეების შემსუბუქებაზე, რათა მივაღწიოთ იმ საერთო სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ყველას გვაერთიანებს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
Moody’s-ი თიბისი ბანკის რეიტინგის განახლებს აქვეყნებს - რა წერია ანგარიშში
31.03.2026.15:20
Moody's Ratings-მა დაადასტურა თიბისი ბანკის Ba2/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი საბანკო დეპოზიტების რეიტინგები. განახლების თანახმად, ბანკის გრძელვადიან დეპოზიტურ რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურად რჩება.
პარალელურად, დადასტურდა თიბისი ბანკის ბრიტანული ჰოლდინგის კომპანია - TBC Bank Group PLC-ის Ba3/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი ემიტენტის რეიტინგები. გრძელვადიან ემიტენტის რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურია.
ანგარიშის თანახმად, რეიტინგი ასახავს ბანკის სტაბილურ ფინანსურ შედეგებს, განსაკუთრებით მის მაღალ მომგებიანობას - საშუალო აქტივებზე 3.4%-იანი უკუგებით (RoA), რაც განპირობებულია მისი ძლიერი საბაზრო პოზიციით, ასევე მყარ კაპიტალიზაციას - 2025 წლის ბოლოს მდგომარეობით CET1 კოეფიციენტით 16.6%.
Moody's-ის შეფასებით, აღნიშნული ძლიერი მხარეები ნაწილობრივ ნეიტრალიზებულია აქტივების მომატებული რისკებით, რაც დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებასთან და სწრაფ საკრედიტო ზრდასთან. ამასთან, დეპოზიტების მაღალი დოლარიზაცია და არარეზიდენტი დეპოზიტებზე ზომიერი დამოკიდებულება ზღუდავს დაფინანსების სტრუქტურას, თუმცა ეს ნაწილობრივ კომპენსირდება კარგი ლიკვიდურობით.
TBC PLC-ის Ba3 გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგის დადასტურება განპირობებულია TBC Bank-ის BCA-ს დადასტურებით, ვინაიდან ბანკი წარმოადგენს ჰოლდინგის აქტივებისა და შემოსავლების ძირითად ნაწილს და მათი ფინანსური მაჩვენებლები ერთმანეთის მსგავსია.
TBC PLC-ის რეიტინგი ერთი საფეხურით დაბალია თიბისი ბანკის ba2 კორექტირებულ BCA-ზე, რაც განპირობებულია სტრუქტურული სუბორდინაციით - ჰოლდინგის დაუზღვეველი კრედიტორები უფრო დაბალ პრიორიტეტულობით ხასიათდებიან ბანკის კრედიტორებთან შედარებით, ასევე შედარებით დაბალი ორმაგი ლევერიჯით.
ამასთან, Moody's-ის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა არსებული ნეგატიური პერსპექტივის პირობებში. თუმცა პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ სუვერენული რეიტინგის პერსპექტივაც სტაბილურად შეიცვლება.