შავი ზღვის კაბელის პროექტი ახალ ფაზაზე გადავიდა - დავით ნარმანია დეტალებზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ენერგოდამოუკიდებლობას, სექტორში ინვესტიციების ზრდის სამი ძირითადი მიმართულებას გამოყო და დარგის განვითარების ახალ ფაზაზე ისაუბრა.
ნარმანიას განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტმა ევროპული სტრუქტურებისგან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სტატუსი მიიღო, რაც მას ორმხრივი ინტერესის პროექტად აქცევს.
„პირველ რიგში, ეს არის შავი ზღვის კაბელის პროექტი, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება. ამ პროექტმა სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ, მიიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სტატუსი, რაც მიანიჭა ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გადავიდა განვითარების სხვა ფაზაზე და ის არის ორმხრივი ინტერესის პროექტი. შესაბამისად, ახლა დაიწყება უფრო ინტენსიური სამუშაოები: შავი ზღვის ქვედა ფსკერის ტექნიკური კვლევა, ტექნიკური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა შესაბამისი პროცედურები.
ჩვენ, როგორც მარეგულირებელი კომისია, ჩვენს რუმინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ჩავერთეთ პროცესში, რათა ერთობლივი რეგულირების ინსტრუმენტები შევიმუშაოთ. გავაფორმეთ მემორანდუმი კოლეგებთან და გვექნება პერიოდული შეხვედრები, დისკუსიები. ასევე შევისწავლით საერთაშორისო პრაქტიკას ამ თვალსაზრისით და აქტიურად ვიმუშავებთ.
მეორე ნაწილი საინვესტიციო აქტივობისა - ეს არის შეღავათები, რაზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, და პროექტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ინიცირებული იყო სხვადასხვა ეტაპზე და გარკვეული გარემოებების გამო ვადაგადაცილებული ჰქონდათ, ახლა ვალდებულებები ჩამოეწერა. ეს ნიშნავს, რომ პროექტების დიდი ნაწილი ამოისუნთქავს და უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება. ახლა კარგად გამოჩნდება, ვის აქვს პროექტების შემდგომი განხორციელების უნარი და ვის არა. პროექტები, რომლებსაც ასეთი უნარი აქვთ, სავარაუდოდ უფრო სწრაფი ტემპით განვახორციელებთ.
და მესამე ნაწილი ინვესტიციების - ეს არის ის, რასაც მარეგულირებელი კომისია აკონტროლებს და უყურებს: განაწილების ქსელში და გენერაციაში უკვე არსებულ ობიექტებში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩვენ დავეთანხმეთ გამანაწილებელი კომპანიების წინადადებებს, გვქონდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც თელასისთვის, ასევე ენერგო-პროსთვის. რატომ? იმიტომ, რომ ავარიები დიდწილად უკავშირდება მოძველებულ ინფრასტრუქტურას - ბოძები, სადენები უნდა გამოიცვალოს, ტრანსფორმატორები, ქვესადგურები უნდა შეკეთდეს და შემდგომ სისტემას ეტაპობრივად გახდება უფრო მდგრადი და ავარიების რაოდენობა შემცირდება.
მათ შორის, სახელმწიფო ელექტროსისტემამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი წარმოადგინა და გეგმავს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც სისტემის სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საინვესტიციო აქტივობა მაღალი იქნება. მე, როგორც ეკონომისტი, ვვარაუდობ, რომ ენერგეტიკა, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ინვესტიციების თვალსაზრისით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის ერთ-ერთი მოწინავე იყო, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მოწინავე გახდება, როცა საქსტატი შესაბამის წლიურ მაჩვენებლებს შეაჯამებს და გამოაცხადებს. ვინაიდან, როგორც გენერაციაში, ასევე განაწილებასა და გადაცემაში ინვესტიციების მოცულობა უპრეცედენტოდ მაღალია, დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია, სააგენტო 2020-2025 წლებში ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს - GCCA მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
29.01.2026.11:20
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„2020-2025 წლებში, ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია. რაოდენობრივი კუთხით, 2020-2024 წლებში ნაერთმა საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 66 % შეადგინა. ასევე, პოზიტიურია 2025 წლის 10 თვის პერიოდში დაფიქსირებული დინამიკა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან 38%-იან ზრდაზე მიუთითებს. ღირებულებით ნაწილში კი, 2021-2024 წლებში ნაერთმა წლიურმა ზრდის მაჩვენებელმა 62 % შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 59%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ასევე მოცვის საშუალო ღირებულების ზრდაზე მიუთითებს.
ამასთან, 2020-2022 წლებში შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებული იყო, ხოლო 2023-2025 წლებში ზომიერად კონცენტრირებული. ბაზარზე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილის ზრდის მიუხედავად, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელ საბაზრო წილების გადანაწილებას.
ასევე, 2020-2021 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა. შესწავლის პერიოდში, ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი კომპანია რამდენჯერმე შეიცვალა, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის შემადგენლობაც;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, სააგენტო 2020-2025 (იანვარ-ოქტომბრის პერიოდი) წლებში შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.
ქვეყანაში მოყვანილი მოცვის რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია საექსპორტო ბაზრებზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს წარმოადგენენ ექსპორტიორი კომპანიები. GCCA-მა მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ფერმერთა მომართვის საფუძველზე, 2020 წელს დაიწყო, - აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.