ეკონომიკის სამინისტრომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ინვესტორთან უძრავი ქონების განვითარების მსხვილი პროექტი გააფორმა, რომელიც 2026-2029 წლებში $6.5 მილიარდის ინვესტირებას ითვალისწინებს - Fitch Ratings
,,ეკონომიკის სამინისტრომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ინვესტორთან ერთად უძრავი ქონების განვითარების მსხვილი პროექტი გააფორმა, რომელიც 2026-2029 წლებში $6.5 მილიარდის ინვესტირებას ითვალისწინებს", წერს Fitch Ratings-ი.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადახედვაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა რეზერვებს. ,,საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, რეზერვების ზრდას შეუწყო ხელი ძლიერმა შემოსავლების დინამიკამ ტურიზმიდან (2025 წლის I - III კვარტალი - 5.1%-იანი წლიური ზრდა), ფულადი გზავნილების მატებამ (იანვარი - ოქტომბერი 7.1%-იანი წლიური ზრდა), ბანკების FX დეპოზიტებზე გამკაცრებულ სარეზერვო მოთხოვნებმა და დოლარიზაციის შემცირების ზოგადმა ტენდენციამ”, - წერს Fitch-ი.
Fitch-ის შეფასებით, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტი, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მოგზაურობა, საფინანსო მომსახურება და განათლება მნიშვნელოვნად და მდგრადად გაიზარდა.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ საგარეო ვალი 2027 წლისთვის 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება GDP-სთან მიმართებით.
პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და იმ სექტორების შემცირებული იმპორტდამოკიდებულება, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ (ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი) საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს გააძლიერებს.
,,უძრავი ქონების სექტორში მოსალოდნელი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე სხვა მასშტაბური კაპიტალური პროექტები, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენს პროგნოზებს ზრდის დამატებით პოტენციალს ანიჭებს”, - აღნიშნავს Fitch-ი.
Fitch-ი ელოდება, რომ ინფლაცია 2026–2027 წლებში საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკის 8%-იანი განაკვეთი უცვლელი დარჩება. ამასთან, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობაზე და დოლარიზაციის შემცირების ტენდენციაზეც საუბრობს. Fitch-ი წერს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანია, ძლიერი კაპიტალიზაციით და სტაბილური აქტივების ხარისხით.
Fitch-ი ასევე სტაბილურად აფასებს, საქართველოს გრძელვადიანი ვალის დინამიკას.
სხვა სიახლეები
საქართველოს პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესების მთავარი ფაქტორი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდაა - Fitch Ratings
22.11.2025.10:55
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურამდე გააუმჯობესა.
პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას ასახელებს.
როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის დაბალ ნიშნულთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რაც წლის დასაწყისიდან განხორციელებულ შესყიდვებს, ოქროს ფასის გადაფასებას და 2024 წლის ბოლო სარეზერვო მოთხოვნების ზრდას უკავშირდება. მათივე განმარტებით, თავის მხრივ, საგარეო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციამ წვლილი შეიტანა რეზერვების ზრდაში.
“საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%).“ პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები“ - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს - საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა ძლიერი და 2025 წელს 7.3%-ს, 2026 წელს კი 5.3%-ს მიაღწევს.