სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა საერთაშორისო ფორუმზე წყალმომარაგების სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის” პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ფანგანმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინვესტიციების მიზნობრიობის შესახებ. სემეკის წევრმა ყურადღება გაამახვილა უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგებისათვის ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლაბაზე. გიორგი ფანგანის თქმით, წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების აღმოფხვრა საჭიროებს კომპლექსურ და სტრატეგიულ მიდგომებს, რაზეც მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს.
“ სექტორი დღეს დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განახლებას. პარალელურად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნა მომსახურებაზე, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის სისტემაზე. ტექნოლოგიური განვითარება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ამ პირობებში მარეგულირებლის როლი კიდევ უფრო იზრდება. მისი ამოცანაა ინტერესთა ბალანსის დაცვა მომხმარებელსა და ოპერატორებს შორის, საინვესტიციო ვალდებულებების მონიტორინგი, მომსახურების ხარისხის კონტროლი და სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია რომ მარეგულირებლის მიზანი არ არის რომელიმე კომპანიის მხარდაჭერა. მიზანია სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, მომხმარებლის ინტერესების დაცვა და სექტორის სტაბილური განვითარება.
თუ საინვესტიციო პოლიტიკა სწორად განხორციელდება და გაგრძელდება გრძელვადიანი ხედვის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ზრდა და ტექნიკური პრობლემების შემცირება. ეს თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკაზე, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წყალმომარაგების სექტორი საჭიროებს მუდმივ, თანმიმდევრულ და სტრატეგიულ ინვესტიციებს.გრძელვადიანი ხედვა არის კრიტიკული, ხოლო სტრატეგიული ინვესტორების მონაწილეობა ზრდის განვითარების შესაძლებლობას. მარეგულირებლის როლი კი არის უზრუნველყოს, რომ ეს განვითარება იყოს სტაბილური, სამართლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული,”- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
სემეკის წევრთან, გიორგი ფანგანთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვინსტონ იუ , მსოფლიო ბანკის წყლის პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანდრია ბასილაია, თბილისის მერის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე - რუსთავის მერი, ხოსე მიგელ სანტოსი - GWP-ის გენერალური დირექტორი. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა, ისიდორო მარბანი - Aqualia-ს ფინანსური დირექტორი.
ქ. თბილისში, 10-11 თებერვალს “წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი“ მიმდინარეობს. მაღალი დონის ფორუმი აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპერატორებსა და დარგის ექსპერტებს, რათა განიხილონ წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმი ორგანიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, „Aqualia“-ს მხარდაჭერით.
სხვა სიახლეები
ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის - შოთა ბერეკაშვილი
11.02.2026.14:02
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა.
ბერეკაშვილმა დაასახელა იმპორტზე დამოკიდებულება, ნაშთების მართვა, საოპერაციო ხარჯი და ფასწარმოქმნის ჯაჭვში ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტის საცალო ფასზე აისახება.
"ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით - პირველია აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც წარმოების ნაწილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება. მეორე - მნიშვნელოვანია ნაშთების მართვა და დანაკარგია 5-6 პროცენტი, როდესაც ბიზნესს სულ 5 პროცენტი მოგება აქვს. 5-6 პროცენტი დანაკარგი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საფიქრალია, როგორ შეიძლება ამის ოპტიმიზაცია.
მესამე პრობლემაა საოპერაციო ხარჯი - მარკეტინგის და გაყიდვების, ესაა "ქეშბექი", შესვლის გადასახადი და ა.შ.
მეოთხე - მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის. ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს იმ ინფლაციურ წნეხს, რომელიც "ქეშბექის" და სხვა ინსტრუმენტების ზრდით არის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის," - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.