სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, 2025 წელს კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა ₾5.72 მილიონის კომპენსაცია - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2025 წლის განმავლობაში სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„2025 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმებზე. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შესაძლებელი გახდა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვა.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სატარიფო საკითხებზე. მისი თქმით, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და მელიორაციის ტარიფების დადგენის მიზნით. შესაბამისად, სემეკი საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ტარიფების დადგენის შესახებ. პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჯარო ინფორმაცია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
სებ-თან არსებული დავების კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა l ნათია თურნავა
18.05.2026.14:43
2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის ბანკებს შორის დავებს.
„2025 წლის მდგომარეობით, კომისიამ მიიღო 158 საჩივარი. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78 პროცენტი მომხმარებლებისთვის სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ შეადგინა 412 000 ლარი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გასულ წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაზე. მათ შორის, დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
„დამატებით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე შემცირდა. ცვლილებების შედეგად შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას", - დასძინა ნათია თურნავამ და მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს კანონში შესული ცვლილების გამო, რომლის თანახმად დავის საგანი 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.