სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო - ოთარ ნადარაია
,,მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო”,– აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. მისი თქმით, გაურკვევლობა და ინფლაციური რისკები გაზრდილია.
,,საყოველთაოდ ცნობილია რომ გაურკვევლობა და ინფლაციის რისკები გაიზარდა. ახლა მთავარი კითხვაა ეს დროებითი არის თუ უფრო დიდხანს გაგრძელდება.
ნავთობის ფასის მეორადი ეფექტები, სასუქები ცალკე თემაა,
ამ კუთხით, პრეს-რელიზში აღნიშნულია რომ თუ ნავთობის გაძვირება სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს, რასაც ემატება ტრანსპორტირების და სასუქების ფასები არ არის გამორიცხული რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ტრაექტორია და მსჯელობა საერთაშორისო მასშტაბით არის. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ბაზრის მოლოდინები შეიცვალა - აღარაა მოლოდინი რომ Fed-ი შეამცირებს წელს განაკვეთს, მაშინ როცა შემცირების მოლოდინები არსებობდა“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
მისი შეფასებით, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება განვითარებულ მოვლენებზე.
,, ესკალაციამდე ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი გვქონდა 7.5 % წლის ბოლოს, როგორც ეს ჩვენს პუბლიკაციაშია. სადღეისოდ დაახლოებით 7.75% გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ისევდაისევ დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე. დასაწყისში ბაზრის მოლოდინები იყო რომ ეს კონფლიქტი სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა სადღეისოდ გაურკვევლობა მატულობს. ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიგნალები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რა თქმა უნდა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - ამბობს ოთარ ნადარაია.
აღსანიშნავია, რომ 25 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობა ერთი წლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან თქვენი ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია - JP Morgan-ის ეკონომისტი
25.03.2026.16:50
საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეროვნულმა ბანკმა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
„ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით", - აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.
მისივე თქმით, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინფლაცია საქართველოში შედარებით დაბალია.
„ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი - პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები", - განაცხადა ხამზა შარიფზოდამ.
ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.