სებ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად აისახა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში - სოფო ასანიძე
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე პოზიტიურად აისახა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, - ამის შესახებ სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებების საფუძველზე ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და FATF-ის მე-15 რეკომენდაციასთან საქართველოს ტექნიკური შესაბამისობის რეიტინგი ნაწილობრივ შესაბამისიდან მნიშვნელოვნად შესაბამისამდე გააუმჯობესა.
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის 2025 წლის ანგარიშში საქართველო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსით (AML Index) მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და რეიტინგში 113-ე ადგილიდან 140-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ბაზელის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსი, ხუთ ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით, 177 იურისდიქციაში აფასებს ფულის გათეთრებასა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების მიმართ მოწყვლადობის დონეს, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის შესაძლებლობებს. ინდიკატორები ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს. მათ შორისაა, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი (FATF), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკი და სხვ.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსის მინიჭების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფოში ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კუთხით მოქმედ მარეგულირებელ ჩარჩოს (AML/CFT/CPF), რომელიც რეიტინგის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული კომპონენტი ქვეყნის დადებითი შეფასების 50 პროცენტს განსაზღვრავს. დანარჩენი კომპონენტებია - კორუფცია და თაღლითობის რისკები, ფინანსური გამჭვირვალობა, საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები.
სხვა სიახლეები
რა საკითხები განიხილა ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან
19.12.2025.14:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air - ის დელეგაციის წევრებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ტენდენციები, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.
როგორც Wizz Air - ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი - ბრატისლავას მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.
ითქვა, რომ ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან Wizz Air - ის საქმიანობის შემდგომი განვითარების საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.