სებ-ის ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა გლობალური შოკების ფონზე გამართლებულია - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია იმ გამოწვევებთან, რომლებიც დღეს გლობალურ ბაზრებზე არსებობს.
2025 წლის მიწურულს სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, სავალუტო რეზერვების ზრდამ და ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა შექმნა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2026 წლიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებდა. თუმცა, თებერვალში ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ ვითარება რადიკალურად შეცვალა. საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახება ადგილობრივ ბაზარზეც.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავედ აისახა ნავთობის ფასზე. გლობალურ ბაზრებზე ნედლეულის 45%-იანი გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასები საქართველოში უკვე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. არსებული დაძაბულობის შენარჩუნების პირობებში, არსებობს მოლოდინი, რომ საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება, რაც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს სხვა პროდუქტების თვითღირებულებაზე და, საბოლოო ჯამში, გაზრდის ინფლაციურ წნეხს.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია გლობალურადაც. როგორც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED), ისე ევროპის ცენტრალური ბანკები, განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მის შესაძლო ზრდასაც კი პროგნოზირებენ.
საყურადღებო იყო კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში ეროვნული ვალუტის მერყეობაც, რაც ძირითადად ნეგატიური მოლოდინებითა და დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციით იყო განპირობებული. თუმცა, სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და კურსი ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას. მაღალი გაურკვევლობის პირობებში, რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციამდე და მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების აღდგენამდე, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შერბილება მოსალოდნელი არ არის.
სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში - JP Morgan-ის ეკონომისტი
25.03.2026.17:11
საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეროვნულმა ბანკმა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
„ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით“, - აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.
მისივე თქმით, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინფლაცია საქართველოში შედარებით დაბალია.
„ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი - პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები“, - განაცხადა ხამზა შარიფზოდამ.
ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ს თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ, მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.