საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 25%-ია ათვისებული, მზის ენერგიის - დაახლოებით 3%, ხოლო ქარის - 5%-მდე - მაია მელიქიძე
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მთავარი მიზანი განახლებადი ენერგიის სფეროში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და არსებული რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებაა. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 25%-ია ათვისებული, მზის ენერგიის - დაახლოებით 3%, ხოლო ქარის - 5%-მდე, რის გამოც აუცილებელია ამ მაჩვენებლების გაზრდა და კომპანიებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ GREDA-ს მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა განახლებადი ენერგოწყაროების უტილიზაციის ჭრილში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის მაჩვენებელი, რომლის შესახებაც შარშან ვსაუბრობდით და წელსაც. ვგულისხმობ იმას, რომ 25% არის ათვისებული ჰიდროში, სულ რაღაც 3% - მზეზე, ხოლო 5%-მდე - ქარში. ამ მაჩვენებლების გაზრდა აუცილებელია. უტილიზაცია უნდა გავზარდოთ და დავუდგეთ გვერდში კომპანიებს, რათა არ მოხდეს ბიზნესების გაჩერება ბარიერების ან პრობლემების გამო, რაც საბოლოო ჯამში დაარტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე ცალკეულ ბიზნესებს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს - რუსთავის მერი
15.03.2026.19:00
ქალაქის განვითარება ბოლო წლებში მაღალი დინამიკით მიმდინარეობს, - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, თუ 2020 წელს ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი იყო, დღეს უკვე 180 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტებისა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერების საშუალებით ფინანსდება.
„რუსთავი ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ბიუჯეტიც შეგიძლიათ საჯაროდ ნახოთ - 2020 წელს თუ 50 მილიონი იყო, ახლა უკვე 180 მილიონზე ვართ ქალაქის ბიუჯეტით. თუმცა ამასთან ერთად ძალიან დიდი წილი დღეს პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტრანსფერების სახით ფინანსდება - ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამ მასშტაბის პროექტები რუსთავში არ განხორციელებულა, რაც ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას გვაძლევს. დინამიკა კარგი გვაქვს, მათ შორის საკუთარი შემოსავლების ზრდის ნაწილში და უკვე ცოტა უფრო თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. როდესაც დიდ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ილუზია შევიქმენით რომ მხოლოდ ეს არის გამოწვევა. გამოწვევა ბევრად მეტი გვაქვს. ჩვენ ლიფტების პროგრამა დავიწყეთ და ძალიან დიდ გამოწვევას შევეჭიდეთ. ქალაქის დაარსებიდან არცერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული, ამ დროს 70 000 რუსთაველი ყოველდღე ლიფტით სარგებლობს და უსაფრთხოების ნაწილი დარღვეული იყო. სადარბაზოების რემონტი, სახურავები, გზების მოწესრიგება - ეს ყოფითი ყოველდღიური ამბები ვიცით, თუმცა ქალაქს სჭირდება უფრო მეტი. და მე ძალიან მიხარია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა დღეს სწორედ იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირველი, ისტორიული გამოწვევები ბოლომდე დასაძლევია, ეს არის წყალი, წყალმომარაგება რაზეც ვისაუბრეთ. ეკოლოგია გასაუმჯობესებელია და აქ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. მსხვილი პროექტების განხორციელება ქალაქის იერსახეს შეცვლის, ახალ საინვესტიციო გარემოს შექმნის, ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს და ძლიერი მუნიციპალური სისტემები. ერთ-ერთი მთავარი, რომ ქალაქი განვითარდეს, ეს განვითარება შეინარჩუნო და კიდევ დაამატო ახალი პროექტები და კიდევ უფრო მეტი სიძლიერე მისცე, დღეს ზუსტად გვაქვს დანახული რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი მუნიციპალური გუნდი, ძლიერი მუნიციპალური სისტემები, რომელიც მოვლა-პატრონობის, დასუფთავების, ურბანული განვითარების, გამწვანების, განათლების ხელშეწყობის ძალიან კარგ ხედვას ჩამოიყალიბებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მუნიციპალური ძლიერი და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები შესთავაზონ მოსახლეობას“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე,