საქართველოს საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა. უწყებათაშორის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საპენსიო ფონდის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები BAG-ის წევრებს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას, BAG-ის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე გრიგორი (გია) მორჩილაძე და საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე, რომელმაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა დამსწრეებს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მასში, საქართველოს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დგებუაძე, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების ხელმძღვანელები.
BAG-ში გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ უწყებებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა, გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში, გაცვალეს გამოცდილება და დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები: ჯარიმა, საურავი, დეკლარირება და კორექტირება.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერით, საპენსიო თემებზე, პერმანენტულად ტარდება და BAG-ის დახმარებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბიზნეს სექტორში პროაქტიულად ხორციელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
სხვა სიახლეები
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
19.01.2026.17:34
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, რეფორმის თვალსაზრისით სწორედ 2026 წელს არის მნიშვნელოვანი ეტაპები განსახორციელებელი.
„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეფორმისთვის და განსაკუთრებით უმაღლესის ნაწილში. იმიტომ, რომ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, პირველი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომლითაც ჩვენ თითქმის 80% მიმართულებებში გადავდივართ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ასევე შემოგვაქვს სამაგისტრო სტანდარტული 1 წლიანი, ხოლო ვისაც უნდათ მესამე საფეხურზე, ანუ რაც დოქტორანტურაში გააგრძელონ სწავლა კიდევ დამატებით ერთ წლიანი. იმიტომ, რომ მინიმუმ 120 კრედიტის მოთხოვნა არის. თავდაპირველად იყო 3+1 მოდელზე საუბარი, შემდგომში როდესაც დისკუსიების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ 1 წლის დამატება გვჭირდება იმისთვის, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ რაც აუცილებელია, რომ მესამე საფეხურის სასწავლო პროცესისთვის იყოს უზრუნველყოფა და შესაბამისი კრედიტების, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და იმ დოკუმენტში აისახა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყვებოდით პროცესს, მთელი 2-3 კვირის განმავლობაში სამინისტროში ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროგრამები, ყველა ის მიმართულებები, საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის განზოგადება და შეჯერება და იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული სურათი, იმისა თუ რომელ უნივერსიტეტში, რა ფუნქციური მიმართულება გადანაწილდეს. თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრინციპი ამ რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“. ეს ხარისხის ამაღლების და კონცენტრაციის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენი ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიების მიმართულებით, რა რაოდენობის სპეციალისტების მოთხოვნილება არის ბაზარზე. დეკემბრის ბოლოს ამ კვლევის პირველადი სურათი უკვე გამოკვეთილი იყო და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ კვლევის საბოლოო სახის მიცემა, რომელსაც ჩვენ ამ თვის ბოლომდე შევაჯერებთ და ამ კვლევიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნილებაზე, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში ამ საკითხს ვიკვლევდით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მოთხოვნებზე გავდივართ და სწორედ ამას მივაბათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მიცემული დაკვეთა. შესაბამისად ჩვენ გვექნება წარდგენა მთავრობისათვის თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ადგილებზეა საუბარი. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ხედვაა არის, რომ ამ ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული იმისა, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ ეს პროპორციები სწორედ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გადანაწილდეს და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლო, განსაკუთრებით თებერვლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან აქტიური, როდესაც ჩვენ დამატებითი ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში, როდესაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვებს, რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს, რისი მიღების და დამტკიცების შემდეგაც კონკრეტულ აქტიურ ფაზაში გადავალთ, რომ მიმდინარე 2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ამ წელს არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.