საქართველოს რკინიგზას ცენტრალური როლი უჭირავს შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის განვითარებას - თამარ იოსელიანი
საქართველოს რკინიგზის როლი შუა დერეფნის სატრანპორტო-ლოგისტიკურ მარშრუტში და ამ კუთხით რკინიგზის განვითარების მნიშვნელობა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე გააკეთა.
„საქართველოს რკინიგზას ცენტრალური როლი უჭირავს შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის განვითარებას. დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ის დეკემბერში ექსპლუატაციაში შევიდა. პროექტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ყველაზე რთული, უღელტეხილის მონაკვეთის მოდერნიზაცია მოხდა, დაიგო დაახლოებით 90 კმ სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგი. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა უნიკალურობით, რადგან რეგიონში ყველაზე დიდი, დაახლოებით 9 კმ-იანი გვირაბი აშენდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით რკინიგზამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კომპლექსურად, ფართო სურათში უყურებს სატრანსპორტო სექტორის განვითარებას. შესაბამისად, ამ მიზნით და მიმართულებით ხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტში 1 მლრდ ლარამდე დაიხარჯა. თუმცა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის დასრულებას ასევე მოყვება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გაახლება, რაც უნდა დაეხმაროს შუა დერეფნიდან მომავალი გაზრდილი ტვირთნაკადის მომსახურებას.
„ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ შუა დერეფანში ძალიან მზარდ ტვირთნაკადს. ამაზე რიცხვებიც მეტყველებს - პორტებში კონტეინერების მიმართულებით, 2025 წელს დაახლოებით 17%-იანი მატება გვქონდა, გენერალური ტვირთების მიმართულებით კი 18%-იანი მატება. ჯამურად, ტონებში რომ გადავიყვანოთ, მატებამ 7 % შეადგინა. ამასთან, შუა დერეფნის კონტექსტში, რკინიგზაში კონტეინერების 33%-იანი მატება გვქონდა. საქართველოს რკინიგზა და შესაბამისად, საქართველოს პორტები მზად უნდა დახვდნენ აღნიშნულ ტვირთებს, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე მოძრავი შემადგენლობის განახლება", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ არსებული სურათიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რკინიგზამ 2026 – 2027 წლებისთვის ახალი ლოკომოტივები შეისყიდოს და შესაბამისად, სავაგონო პარკიც განაახლოს.
„ამ მიმართულებით საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშველოვან ღონისძიებებს ატარებს, მათ კონკრეტული გეგმა აქვთ იმისთვის, რომ 2028 – 2029 წლებისთვის მზად დახვდნენ შუა დერეფანში არსებულ ვითარებას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
27.03.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1114 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7025 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7025 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7066 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1277 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.