საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქში ცხოვრობს - როდის გახდება ცნობილი მოსახლეობის აღწერის საბოლოო მაჩვენებლები
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 3 914 000 შეადგენს, ხოლო ქვეყანაში ურბანიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა და მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქებში ცხოვრობს. მისი თქმით, განსაკუთრებით გაიზარდა თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო აღწერის უფრო დეტალური მონაცემები ეტაპობრივად აპრილსა და ივნისში გამოქვეყნდება.
„მოგეხსენებათ ჩვენ 2024 წელს დავასრულეთ მოსახლეობის აღწერა და წინასწარი შედეგები უკვე გასული წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ - 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად საქართველოში. აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ გაზრდილია ქალაქ-დასახლების წილი. ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი, ანუ თუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 59 პროცენტი 10 წლის წინ, ანუ რამოდენიმე პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონ 80 ათასიდან 1 მილიონ 330 ათასამდე. ასევე გაზრდილია ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, რაზეც აისახა ეს ურბანიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 153 000 კაცი ცხოვრობდა ბათუმში და ახალი აღწერის შედეგების მიხედვით 235 000-ს აღემატება. უფრო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაანალიზოთ ასაკობრივი სტრუქტურა და შემდეგ საბოლოო შედეგები, სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისში და ამით დავხურავთ აღწერასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისა გოგიტა თოდრაძემ.
სხვა სიახლეები
ფასების სტატისტიკა და სოციალური მიმართულება - საქსტატი ახალ პლატფორმებს ამზადებს
16.03.2026.22:30
საქსტატი მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს რამდენიმე ახალ ინტერაქტიულ პლატფორმას შესთავაზებს. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ფასების სტატისტიკის ინტერაქტიული პორტალი იქნება, ასევე იგეგმება სოციალური სტატისტიკის მიმართულებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი პლატფორმის შექმნა.
„ჩვენ წლის განმავლობაში აუცილებლად შევთავაზებთ, დაპირების შესაბამისად მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე ინტერაქტიულ პორტალს. პირველი ერთ-ერთი ალბათ იქნება ფასების სტატისტიკასთან დაკავშირებული ინტერაქტიული პლატფორმა და ასევე ვგეგმავთ სოციალური სტატისტიკის მიმართულებით უფრო ყოვლისმომცველი ინტერაქტიული პლატფორმის შემუშავებას და საზოგადოებისთვის შეთავაზებას“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გოგიტა თოდრაძის განცხადებით, უწყება გეგმავს არსებული ინტერაქტიული პლატფორმების გაფართოებას, რათა მომხმარებლებს მონაცემების უფრო ფართო ანალიზის შესაძლებლობა მიეცეთ. მისი თქმით, პერსონალური ინფლაციის კალკულატორისა და ფასების კალეიდოსკოპის გარდა, იგეგმება პლატფორმაზე საშუალო ფასების მაჩვენებლების დამატებაც, მათ შორის სამომხმარებლო კალათაში შემავალი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი პლატფორმა გვაქვს, მოგეხსენებათ გვაქვს მაგალითად პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გვაქვს ფასების კალეიდოსკოპი, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ანალიზის შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებლებს და მათ შორის საშუალო ფასების მაჩვენებლები დავიტანოთ აღნიშნულ პლატფორმაზე. რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც არის მაგალითად შეგროვებული სამომხმარებლო კალათაში არსებული სასაქონლო ჯგუფების შესახებ“, - აცხადებს თოდრაძე,