საქართველოს მოქალაქე თავისი შემოსავლის საშუალოდ 39%-ს სწრაფი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე ხარჯავს - ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს | შოთა ბერეკაშვილი
იმპორტის ინფლაცია 2025 წელს სწრაფი მოხმარების საგნებზე საშუალოდ 5%-ით შემცირდა, სამწუხაროდ სამომხმარებლო კალათაში ფასები 10%-ით გაიზარდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სურსათის ფასებზე საუბრისას.
ბერეკაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში სტრუქტურული პრობლემაა და საჭიროა მისი იდენტიფიცირება.
„მნიშვნელოვანია, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალე ურთიერთობები თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა მოთამაშეს და მივიღებთ იმას, რომ სექტორსა და ბაზარზე იქნება მაღალი კონკურენცია. მიმაჩნია, რომ კონკურენცია ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და კონკურენტულ გარემოში მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს.
დღეს საქართველოს მოქალაქე თავისი შემოსავლის საშუალოდ 39%-ს სწრაფი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე ხარჯავს. ეს მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია და ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. იქნება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და ერთობლივად მოძებნით გზებს და საშუალებებს, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს
10.03.2026.17:49
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.
ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.