საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ასევე კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი არქიტექტორებთან, სახელოვნებო წრეებთან, მშენებლებთან, მწარმოებლებთან, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებთან თანამშრომლობა იყო.
„აქტიური თანამშრომლობა გვქონდა კერძო სექტორთან, რეგულაციის შემუშავებისას ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა. რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის გვქონდეს ფაქტობრივად, დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ.“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან.
კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელთაც კერძო სექტორს დადგენილების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა კერძო სექტორს ესთეტიკური მახასიათებლების ძირითადი მოთხოვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის, განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.
„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაწესდება ესთეტიკური მახასიათებლების ზოგადი სახელმძღვანელო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სათანადო არქიტექტურული იდეის რეალიზება. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს ჰარმონიზებული თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებთან და არსებულ გარემოსთან, იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკურად მიმზიდველი განაშენიანების იერსახე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი
03.03.2026.18:06
ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11500 მეგავატს მიაღწევს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალი, ხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების, ასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით.
„მსურს, ხაზი გავუსვა ორ რეგიონულ ფლაგმანურ პროექტს: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს 1300 მეგავატიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზით, რაც ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელს. პარალელურად, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, ჩვენ ვავითარებთ მწვანე ენერგიის დერეფანს, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგია საქართველოს სტრატეგიის ქვაკუთხედია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატება, რაც მოიცავს ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიას. მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები გადამწყვეტ როლს შეასრულებს არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში.
„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.