საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების ახალ წესს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის განკუთვნილი ჯარიმების განახლებული წესის პროექტი გამოაქვეყნა.
საქართველოს კაპიტალის ბაზრის მასშტაბისა და მოცულობის ზრდის პარალელურად, დადგა ჯარიმების დაკისრების შესახებ მოქმედი წესის განახლების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დარღვევების სიმძიმისა და მათი პოტენციური გავლენის შესაბამისი, ადეკვატური და პროპორციული სანქცირება.
წესის პროექტი ადგენს ფულადი ჯარიმების განსაზღვრის დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, სუბიექტის ტიპსა და დამრღვევის ზომას.
პროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფიქსირებული ოდენობით, ასევე სუბიექტის შემოსავლის/საზედამხედველო კაპიტალის პროცენტული მაჩვენებლით, რომელთაგან გამოიყენება უფრო მაღალი ოდენობა.
ჯარიმების გამოთვლის აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს - რუსთავი მერი
10.03.2026.19:00
რუსთავში წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა GWP-ის ინვესტიციის საშუალებით. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, 2021 წელს ქალაქში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა კომპანიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას, ხოლო წყალარინების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა ფორუმში, რომელიც რამდენიმე დღის უკან GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
„ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების გაზიარების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GWP-მ „აქვალიას“ სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი. 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა, არ ხდებოდა მილების გამოცვლა არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს. წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი - აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს და სულს ვდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით, რომ წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24-საათიანი წყალმომარაგებაა, თუმცა ისევ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეს, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და ინვესტორების თანხმობაში მოქმედება.
„იმდენად რთული ინფრასტრუქტურაა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენს პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათი და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვფერხდებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა კარგ ეტაპზეა, სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი“, - განმარტავს ლაცაბიძე.