საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,9 პროცენტი შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6,6 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიმდინარე წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს: 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტლის ზრდა 7.3%-ს გაუტოლდა, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%, ხოლო აგვისტოში 6.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 9.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,632 ერთეულს გაუტოლდა. 2025 წლის აგვისტოში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი, პოზიტიური წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე ვაჭრობის სექტორებმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს, ამ პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა, მათ შორის ხაზგასასმელია ექსპორტი, რომელიც 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა - 3.8%).
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024 წელიც, როცა საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2024 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ამის დასტურია სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-დან 7.2%-მდე გაზრდა, ასევე EBRD-ის მიერ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-დან 7%-მდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, საშუალოდ, 5.4% იქნება.
სხვა სიახლეები
30.09.2025.18:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა SWIFT-თან თანამშრომლობის მთავარი თემები განიხილეს, მათ შორის SWIFT_ის ძირითადი პროდუქტების საქართველოში დანერგვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხს და ამ მიმართულებით გამართულ ერთობლივ ტრენინგებს.
თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადახდო ბაზარმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ინოვაციური პროდუქტების სწრაფი დანერგვითაა განპირობებული.
„აქტიურად ვავითარებთ საგადახდო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში ვახორციელებთ ქვეყნის ძირითადი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მოწინავე დონეზე განახლებას. განახლების შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ფუნქციონალურად გამდიდრებულ და ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილ სისტემას.
ასევე ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო სერვისის განვითარებას. მათ შორისაა სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც იმუშავებს 24/7/365 რეჟიმში და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხვას, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა SWIFT-ის რეგიონულ მენეჯერსა და სხვა წარმომადგენლებს SWIFT-ის ეროვნული წევრი ჯგუფების შეხვედრის თბილისში ორგანიზება შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.