საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა - ექსკლუზიური ინტერვიუ ენდრიუ ჯუველთან
საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა, რეალური მშპ-ის ზრდა შეფასებულია 7.3 პროცენტად, რაც შენელებაა 2024 წელთან შედარებით, თუმცა აღემატება ჩვენი ტრენდის შეფასებას. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეამცირა უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, მიუხედავად იმისა, რომ იგი სტრუქტურულად კვლავ მაღალი რჩება. ინფლაცია ამ ეტაპზე აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლს, თუმცა საბაზო ინფლაცია მიზნობრივის ფარგლებშია, რაც ასახავს ფასების სისტემური ზეწოლის არარსებობას. ფისკალური პოლიტიკა რჩება დისციპლინირებული, რაც წლების განმავლობაში საგარეო ვალის მშპ-ში წილის მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალია, ხოლო ფინანსური სექტორი ჯანსაღია, კერძოდ, ბანკების ძლიერი კაპიტალით, მოგებით, ლიკვიდურობითა და აქტივების ხარისხით“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.
სხვა სიახლეები
აგვისტოში მუშაობდნენ გარდაბანი 1, მტკვარი ენერგია და თბილსრესის თბოსადგურები, ასევე რამდენიმე დღე მუშაობდა ჯიფაუერი - Galt & Taggart
02.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.