საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 1 557.0 ათასი დოლარის ღირებულების 453.5 ტონა ლოკოკინა გაიტანა. 2024 წლის 8 თვეში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 211.0 ტონა იყო. შესაბამისად ზრდა 115%-ით არის გაზრდილი.
ქართული ლოკოკინასთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის მთლიანი ექსპორტის 78%. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან ლოკოკინა სულ 2 ბაზარზე გადაიზიდა: თურქეთი და საფრანგეთი.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ლოკოკინა გაყიდა:
თურქეთი - 354.3 ტონა - 1 084.1 ათასი დოლარი;
საფრანგეთი - 99.2 ტონა - 472.9 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
სებ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს
09.08.2026.10:38
ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული შპს „შელბითს“ სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს არ წარმოადგენს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.
ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“,- აღნიშნულია განცხადებაში.