საქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით - ნათია თურნავა
საქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, - ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, სადაც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრები.
თურნავას განმარტებით, საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. თურნავას თქმით, მსოფლიო ბანკსა და სსფ-ში გამართულ შეხვედრებზე თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იმ გამოწვევებზე საუბრობდა, რაც გლობალურად არსებობს.
„საქართველო ამ გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ძალიან ძლიერ ფისკალური ანუ საბიუჯეტო პარამეტრებით, დაბალი დეფიციტით, დაბალი სახელმწიფო ვალით. მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ეს ერთი. და მეორე რა მესიჯიც ჩვენ მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, ეს არის რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება. მე ვახსენე ფრაგმენტაცია. ფრაგმენტაცია კიდე სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეგიონალიზაცია, ანუ იმის ნაცვლად რომ მთლიანად გლობალური მსოფლიო იყოს უფრო შეკრული ახლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა. ასევე როგორც საპირწონე პროცესი და აი ამ კონტექსტში ჩვენი შუა დერეფნის, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა. განსაკუთრებით თუნდაც მსოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად ცნობილია რეგიონალური პროექტებით, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში რეგიონში ჩვენს შუა დერეფანში საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ. და ამას ეყრდნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური გზავნილები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ვინ არის პასუხისმგებელი უცხოური საიტებიდან გამოწერისას - ირაკლი ლექვინაძის განმარტება გადამზიდავების როლზე
16.03.2026.13:00
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას 2022 წლიდან ახორციელებს, თუმცა ბოლო წლები მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე ონლაინ ვაჭრობის დინამიურ განვითარებას, რომელსაც ბუნებრივად ახლავს მომხმარებელთა პრეტენზიების მატება. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებების დაახლოებით 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება, აღნიშნული გარემოება კი უწყების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს აქტიური ჩართულობის შედეგად, მომხმარებლები წლიურ ჭრილში, ჯამურად, ერთ მილიონ ლარამდე ფინანსურ სარგებელს იღებენ. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს უწყების ეფექტიანობასა და მის როლს მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უკვე 2022 წლიდან აღასრულებს ამ ფუნქციას, რასაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჰქვია. ბოლო წელი გამორჩეულია იმით, რომ თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი მომხმარებელთა მომართვიანობის. ეს ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რომ ცნობიერება უფრო გაზრდილია და უფრო მეტმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. მეორე არის ის, რომ ზოგადად ვაჭრობის სფერო და ონლაინ ვაჭრობის სფერო საკმაოდ დინამიურად მზარდია და ზრდასთან ერთად ბუნებრივია იზრდება ის საკითხები რაც შეიძლება გარკვეულ პრობლემატიკას თუ მომხმარებლის პრეტენზიას უკავშირდებოდეს მოვაჭრის მიმართ. მე ვფიქრობ ასევე ჩვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა, დაახლოებით 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ და თვითონ მომხმარებელი ჰყვება შემდგომ თავის წრეში იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჰქონდა ჩვენს უწყებასთან და ესეც ვფიქრობ რომ ერთგვარი ნდობის ზრდის შედეგიც არის, იმიტომ რომ ალტერნატივა თუ აქვს მოვაჭრესთან, ერთი ალტერნატივა არის რომ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც აქვს შეზღუდული ვადა საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების, და მეორე ალტერნატივა არის სასამართლო, რომელიც ხარჯიანია და ასევე გრძელდება საკმაოდ ბევრად უფრო მეტხანს ვიდრე მაგალითად ჩვენთან საკითხის განხილვა.
ჩვენთან ყოველგვარი საზღაურის გარეშე, უდანახარჯოდ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს ნომერზე -1520 და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და განაცხადის წარმოდგენის შემდგომ უკვე ჩვენი თანამშრომლები ერთვებიან საკითხის მოგვარებაში. დაახლოებით წლიურად 1 მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იბრუნებს ჩვენი ჩართულობის შედეგად. ხშირ შემთხვევაში ეს თანხები ერთეულ შემთხვევაში დიდი არ არის, შეიძლება იყოს 150 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, ყოფილა 50 ლარიანი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად პრინციპის საკითხია უბრალოდ რომ მომხმარებელმა საკუთარი უფლება დაიცვას. თუმცა ზოგჯერ მასშტაბი ერთ მოვაჭრესთან მიმართებაში იმხელაა, რომ ის ბევრი 50 და ბევრი 150 ლარია, ამიტომ ჯამში ამ ციფრზე გავდივართ და დაახლოებით 65% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე, იმიტომ რომ ეს სფერო დინამიურად მზარდია და პლუს განსხვავებით ფიზიკური ვაჭრობისგან მომხმარებელს ეს პირადი შეხება ნივთთან არ აქვს და როცა იღებს ნივთს მერე აქვს იმ მახასიათებლებთან შედარების საშუალება რაზეც თავიდან ჰქონდა სურვილი რომ ის მიეღო როგორც სასურველი ნივთი. ძირითადად არის ტექნიკა და ტანსაცმელი, რაც ამ ონლაინ ვაჭრობის ნაწილშიც და ფიზიკური ვაჭრობის ნაწილშიც ხვდება. და ბოლო პერიოდში გაზრდილია მიწოდების სერვისები“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ირაკლი ლეკვინაძის განმარტებით, ონლაინ შეძენების პროცესში პრობლემები განსაკუთრებით მაშინ წარმოიქმნება, როცა ნივთი უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან იგზავნება. ასეთ შემთხვევაში მთავარ პასუხისმგებლობას პორტალი და მისი ქვეყნის კანონმდებლობა განაპირობებს, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში ადგილობრივი კომპანიის ჩარევა, ნივთის დაკარგვა, დაზიანება ან ხარვეზით მიწოდება ხშირად წარმოადგენს მომხმარებლის პრეტენზიების მთავარ მიზეზს. მისი თქმით, მიწოდების სერვისების დინამიური ზრდასთან ერთად ასეთი პრობლემატიკაც უფრო აქტუალური ხდება.
„თუ მაგალითად უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან ხდება ნივთის გამოწერა, უკვე ის გვერდია პასუხისმგებელი და იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის გვერდია რეგისტრირებული, თუმცა ტრანსპორტირებისას თუ მას ადგილობრივი კომპანია ემსახურება - ეს ნაწილია უკვე ჩვენი ყურადღების საგანია, იმიტომ რომ ნივთი ზოგჯერ იკარგება, ზოგჯერ ზიანდება, ზოგჯერ გარკვეული ხარვეზით ჩამოდის, რომელიც გადამზიდავის პრობლემაა და ეს სფერო ასევე თავის დინამიურ ზრდასთან ერთად ეს პრობლემატიკაც მზარდია ბოლო პერიოდში“, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.