სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა l საქსტატი
2026 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება.
2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8 პროცენტი), რამაც 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7 პროცენტი) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.8 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33.0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8 პროცენტი) და სასმელებზე (6.2 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
დღის ტოპ 10 სიახლე
იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა l საქსტატი
სხვა სიახლეები
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე - ვახტანგ ცინცაძე
20.04.2026.12:03
„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, რაც განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრ ზრდაში აისახა" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი განმარტებით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე რეკორდულია იანვარ–მარტის ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, კერძოდ იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ 120 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიღწეული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას.
„საგარეო ვაჭრობის მიმდინარე შედეგების მიხედვით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეხმარება კერძო სექტორს რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.
მისივე თქმით, მთავრობის პროგნოზით აღნიშნული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
„მსგავსი ტენდენციები შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.