საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია - სებ ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მარტის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მარტის თვის შედეგები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ.
ამავდროულად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ, გაიზარდა. ხოლო, დაკლებულია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც 1 წლის ჰორიზონტზე ინფლაციას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, მოიაზრებენ. ასევე, მარტში წინა თვისაგან განსხვავებით, აღარ არიან ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და -2%-ზე ნაკლებად ელოდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, პროგნოზირებენ. ამასთანავე, მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 2%-4%-ის ფარგლებში მოელიან.
გამოკითხვის შედეგებით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მცირედით მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის მიდამოში მოიაზრებენ.
კვლევის მიხედვით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) თებერვალთან შედარებით გაზრდილია.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
06.03.2026.19:06
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.