საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია - სებ ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მარტის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მარტის თვის შედეგები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ.
ამავდროულად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ, გაიზარდა. ხოლო, დაკლებულია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც 1 წლის ჰორიზონტზე ინფლაციას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, მოიაზრებენ. ასევე, მარტში წინა თვისაგან განსხვავებით, აღარ არიან ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და -2%-ზე ნაკლებად ელოდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, პროგნოზირებენ. ამასთანავე, მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 2%-4%-ის ფარგლებში მოელიან.
გამოკითხვის შედეგებით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მცირედით მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის მიდამოში მოიაზრებენ.
კვლევის მიხედვით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) თებერვალთან შედარებით გაზრდილია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
17.11.2026.19:12
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.
დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.