სახელმწიფოსგან მეწარმეები მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე იღებენ - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანიის „გეო ფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
„სახელწიფოსგან მეწარმეები მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე იღებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, სწრაფად განავითარონ ბიზნესი და შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000. საწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთსა და თურქეთში ახორციელებს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საწარმოში მზის მცირე ელექტროსადგურია მოწყობილი, სადაც გამომუშავებული ენერგია, გამოიყენება საწარმოში.
კომპანია „გეო ფლაუერი“ საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც ფლობს.
დავით სონღულაშვილთან ერთად, ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა.
აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1,3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,630 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 326,6 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 29,3 მლნ ლარის ღირებულების 229 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:23
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.
„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.
ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.
„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია. სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს - დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები - ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.