სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წელს პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად - 217 236 571 ლარი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც წლიური გეგმა 213 000 000 ლარს შეადგენდა.
საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების გასხვისებასაც ელექტრონული აუქციონის ფორმით. 2025 წელს გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047 986 ლარი შეადგინა.
ელექტრონულ პორტალზე eauction.ge-ზე რეგისტრაცია და აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - საკუთარი სარეალიზაციო ქონების განთავსების მიზნით.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას. პრივატიზების პროცესი სრულად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე ვადაში გახდნენ სახელმწიფო აქტივების მესაკუთრეები.
სხვა სიახლეები
15.03.2026.15:00
სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესების სინთეზი ქვეყნის განვითარების მთავარი წინაპირობაა, - აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, ისაუბრა. მინისტრის მოადგილე ბიზნესსექტორთან აქტიური დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის წესები ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცალმხრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს აზარალებს.
„გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივად გვქონდა კონტაქტი ბიზნესთან, და ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს პრობლემა შევუქმნათ.
უბრალოდ, ბიზნესმაც უნდა მიხვდეს, რომ ასე გაგრძელება ამ მიმართულებით, თამაშის წესები ნათლად თუ არ წარმოვიდგინეთ, ძალიან გაგვიჭირდება. სახელმწიფოსაც გაუჭირდება და ბიზნესსაც გაუჭირდება.
სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, და ბიზნესსაც აქვს თავისი ინტერესი. ამ ინტერესების სინთეზში არის ჭეშმარიტების მარცვალი ამოსაცნობი. როგორც კი საბანს შენსკენ გადმოქაჩავ - გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე მხარე - ზარალდება საქართველო, ჩვენი სამშობლო. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც დავუძახეთ ამ ადამიანებს. თითქმის სამსაათიანი ღია შეხვედრა გაიმართა. ნებისმიერ ტელეარხს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ტელეარხებს, ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ყველაფერი და ჩაეწერათ ყველაფერი. იყო ბევრი შენიშვნა, მათ შორის კრიტიკული მოსაზრებებიც. ეს კარგია და გამოადგება ამ პროცესს.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხედავთ, სისტემა როგორ იმუშავებს; ერთ თვეში, შეიძლება უფრო მალეც ან ცოტა გვიან, ორ თვეში, ისევ შევიკრიბოთ, გავიაროთ ყველა დეტალი - აბა, ვის სად უჭირს, ვის სად ულხინს, იქნებ ჩვენ რამე გამოგვრჩა. დავაშენოთ, დავამატოთ ამას, ან იქნებ ამოვიღოთ. ეს კვოტირებაც ხომ არ არის ახალი აღმოჩენა, დავაკვირდებით ამასაც. შესაძლოა, სადღაც კიდევ გავაჩინოთ კვოტები, სადღაც პირიქით, უფრო ლიბერალური გავხადოთ კვოტირების სისტემა.
ჩვენ ფაქტობრივად შევქმენით ახალი სისტემა - ვორქნეტის სისტემა, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც შრომის ბაზრის მიმართულებით მუშაობენ, შემუშავდა და უკვე ჩაეშვა. სისტემა საინტერესო იქნება მათ შორის იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საერთოდ უცხოელი თანამშრომელი არ ჰყავთ. გვინდა, რომ ჩვენი ვორქნეტის სისტემა იყოს ღია ყველასთვის, აქ აიტვირთოს შესაბამისი CV-ები და ბიზნესის მოთხოვნები. ნელ-ნელა ბაზას გავზრდით - ჩვენი მოქალაქეების ბაზას, რომლებსაც შევთავაზებთ კომპანიებს და დავასაქმებთ.
ამ სააგენტოს მოვალეობაც არის, რომ ხიდი იყოს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რათა ამ ხიდზე გადავატაროთ ჩვენი მოსახლეობა და დავასაქმოთ. ეს არის მთავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი, რომ უმუშევრობა ქვეყანაში შემცირდეს და მივუახლოვდეთ იმ ნიშნულს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა - 3–4 %“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.