სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა მიმდინარე გლობალური კრიზისი ნაწილობრივ შეამსუბუქა l გიორგი დოლიძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
შეხვედრაში მონაწილე „HSC Group Hospitality“-ის დამფუძნებლის, გიორგი დოლიძის შეფასებით, დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე.
„გამოწვევა ნამდვილად გლობალურია და განპირობებულია იმ რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემიროები დროებით შეზღუდულია, ეს პირდაპირ აისახება სექტორზე. თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე, პირდაპირი ფრენების დამატებამ, 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო უსმენს კერძო სექტორის პულსს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმები. დღეს საქართველო მზად არის მეტი ტურისტის მისაღებად როგორც მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორების მზაობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.