სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა მიმდინარე გლობალური კრიზისი ნაწილობრივ შეამსუბუქა l გიორგი დოლიძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
შეხვედრაში მონაწილე „HSC Group Hospitality“-ის დამფუძნებლის, გიორგი დოლიძის შეფასებით, დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე.
„გამოწვევა ნამდვილად გლობალურია და განპირობებულია იმ რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემიროები დროებით შეზღუდულია, ეს პირდაპირ აისახება სექტორზე. თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე, პირდაპირი ფრენების დამატებამ, 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო უსმენს კერძო სექტორის პულსს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმები. დღეს საქართველო მზად არის მეტი ტურისტის მისაღებად როგორც მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორების მზაობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
13.04.2026.14:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.