სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ ₾352.5 მილიონი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის დეკემბერში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 2 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 352.5 მლნ ლარი. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.334% შეადგინა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 180 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 დეკემბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1- 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26%).
მოთხოვნის კოეფიციენტი დეკემბერში გასული თვის მაჩვენებელთან (ნოემბერი 2.28) შედარებით შემცირდა და 2.24 შეადგინა.
დეკემბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა 3.75 იყო.
სხვა სიახლეები
Eagle Hills Georgia-ს მსგავს პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5%-ით გაზარდოს - მოჰამედ ალაბარი
13.01.2026.20:31
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.
„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.
ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.
ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.
„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.
„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.
აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.