საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობას იღებს ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ". ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.
მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება, მისი ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (ESCAP) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (ECE). ღონისძიებაში „შუა დერეფნის" მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ არსებულ პროგრესს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მომავალ ინიციატივებს - როგორც „შუა დერეფანში", ისე მის ფარგლებს გარეთ, მდგრადობისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიისას რეგიონის ქვეყნების წარმომადგნელები „შუა დერეფნის" განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ: მწვანე და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო ტრანსპორტის ემისიების შემცირება, სატრანსპორტო ინოვაციები და დიგიტალიზაცია - მათ შორის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი მწვანე და მოქნილი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსაყოფად და ა.შ.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და „შუა დერეფნის" ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.
„საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა - 2022 წელს 36%-იანი და 13%-იანი 2023 წელს. ასევე იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადები - გასულ წელს მათმა მოცულობამ 27 მლნ ტონას მიაღწია. იმავდროულად, ტრანსპორტის სექტორი რჩება სათბურის გაზების ემისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, რაც მიუთითებს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობაზე სექტორის გამწვანების მიზნით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარკინიგზო მიმოსვლის მეტად განვითარებას და „შუა დერეფნის" პოტენციალის გაზრდას. მინისტრმა აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა - რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის - სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მისი ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად,შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
„ამასთან, წარმატებით მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზები შენდება ევროპული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამისა, ინერგება ე.წ. „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემები საგზაო ქსელის ეფექტურობის და მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება. პორტი უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც „შუა დერეფანს" უფრო მდგრადს, საიმედოს და მიმზიდველს გახდის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
სხვა სიახლეები
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
10.03.2026.13:40
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორ ურბანულ დაგეგმარებას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები ქალაქს წლების განმავლობაში ეტყობა. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ქალაქის ურბანული განვითარება სწორად და გრძელვადიანი ხედვით განხორციელდეს.
„შეცდომებზეც ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტიც გვყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღო. სულ ვამბობ - ვინც საქმეს აკეთებს სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორედ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების 68% სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, ხოლო ახალი მსხვილი პროექტები, მათ შორის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ქალაქში ბიზნესის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და რუსთავს ინდუსტრიულის გარდა ეკონომიკურად უფრო მრავალფეროვან ცენტრადაც აქცევს.
„ისევ და ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში, 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 68% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და „იგლ ჰილსი“ კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში. სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ... ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. ამას თავისი სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემოს შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარი შემოსავლის ზრდაზე, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გულიც გვწყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ გვყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე“, - აცხადებს რუსთავის მერი.