საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4 პროცენტს შეადგენდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა, როგორც გამკაცრების ასევე შერბილების მიმართულებით. მეორე მხრივ, დაბალ ინფლაციას ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენცია უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას, კვლავ მაღალია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
18.04.2026.11:00
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2026 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:
პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი (14,2%), რესტორნები და ღამისთევის მომსახურება (8,1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (6.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.5%), დასვენება, სპორტი და კულტურადასვენება, სპორტი და კულტურა (5,5%), ტრანსპორტი (4.8%), ჯანმრთელობის დაცვა (4.2%), განათლება (2.5%), დაზღვევა და საფინანსო მომსახურება (2,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.7%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3,3%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,2%),
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.