საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 529.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 238.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.
2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 498.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (910.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (749.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 775.0 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 723.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 985.4 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 107.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 843.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 688.5 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.2 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).
სხვა სიახლეები
სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე
11.03.2026.22:20
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.
ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.