საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში - The Heritage Foundation
The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალურ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.
ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ გარემოს ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, საგადასახადო ტვირთი, ბიზნესის თავისუფლება და ბიუროკრატიული ეფექტიანობა.
რეიტინგის მიხედვით, ევროპაში საქართველო 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებს აღემატება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კლასიფიცირებულია როგორც „ზომიერად თავისუფალი“.
,,საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეკონომიკამ ასევე აჩვენა მედეგობის ზომიერი დონე", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
01.08.2026.16:16
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული "ლენდლორდის" მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.