საფინანსო სექტორი 2025 შესაძლებლობები და გამოწვევები | ეკონომიკური ფორუმის 24-ე დისკუსია გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკური ფორუმის 24-ედისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „საფინანსო სექტორი 2025 შესაძლებლობები და გამოწვევები “ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხკაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.
,,ჩვენი ეკონომიკა გამორჩეულ მდგრადობას ინარჩუნებს. მაღალია ეკონომიკური ზრდა და ასევე სახეზეა ზრდის ტემპის ნორმალიზებაც. ის ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ტრენდს. არ შეიძლება ზრდა ყოველთვის ორნიშნა იყოს, თუ ძლიერი ახალი ფაქტორი არ გამოიკვეთა. სებ-ის პროგნოზით, ზრდა წელს 7,4%-ია. წამყვანმა საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გადახედეს მშპ-ს პროგნოზს ზრდის მიმართულებით, რაც 7-8 %-ს შორის მერყეობს. თუ შევადარებთ რეგიონს, ფართო რეგიონს, შუა დერეფანს, ევროკავშირის სამხრეთ ნაწილს და კანდიდატ ქვეყნებს, ეს არის ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
,,მიმდინარე ეკონომიკური და გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით როგორც ერთპოლარული პოლიტიკური, ასევე ერთპოლარული ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პროცესში. უკვე ნათელია, რომ იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. პირველია - ატლანტიკური სივრცე, სადაც უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია და მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთი ქმნის მიზიდულობის მნიშვნელოვან ცენტრს. ამასთან, იქმნება მცირე მიზიდულობის ცენტრები, როგორიც არის, მაგალითად, გალფის ქვეყნები. ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ამ ორ დიდ ცენტრს შორის დამაკავშირებელი, რაც თავისთავად, განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიების მხარდამჭერები: Ambassadori Island Batumi, ELT Group, ICE აი-სი-ი, Coca-Cola Bottlers Georgia, წყალი მთის Water MTIS.
სხვა სიახლეები
2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე
12.03.2026.19:20
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.
საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.