საერთო ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია 2000-მდე პროექტი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას და სხვა ტურისტულ მიმართულებებს უკავშირდება - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში მიმდინარე სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმში (HIF – Hospitality Investment Forum) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის და მათ შორის სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარების დინამიკა და შემდგომი პერსპექტივები, ასევე ამ მიზნით მიმდინარე პროექტები გააცნო.
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული და მზარდი დარგია. დღეს ქვეყნის მშპ-ს თითქმის 10% ტურიზმის სექტორით არის წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მქონე სფერო დასაქმების კუთხით. ასევე ბიზნეს სექტორის დივერსიფიცირების თავლსაზრისით - ტურიზმის ინდუსტრიაში გვყავს ათასობით მიკრო და მცირე მეწარმე და ამავე დროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებიც. ასევე ძალიან ფართოა იმ პროდუქტებისა და სერვისების დიაპაზონი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის საჭირო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით არსებული რეკორდული მაჩვენებლები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. „გასულ წელს რეკორდულ 7.8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს. 2025 წელს შემოსავლების კუთხითაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 70% არიან ტურისტები, რომლებიც განმეორებით ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც - 1.2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტს, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება პირდაპირი ფრენების სტიმულირების მიმართულებით. 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი საჰაერო ხაზზე ოპერირებდა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით გვაქვს მკვეთრი ზრდა, მათ შორის საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია 2000-მდე პროექტი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას და სხვა ტურისტულ მიმართულებებს უკავშირდება" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
„სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026" მნიშვნელოვანი საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა - ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი სასტუმრო ბრენდები, ინვესტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერები, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ირაკლი ნადარეიშვილი
20.04.2026.18:36
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
,,ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ისტორია სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით, რომელთანაც დაკავშირებულია 15 000-მდე ძალიან წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული არის 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, შექმნილი ამ პროგრამების და ამ სახელმწიფოს ბიზნესში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის კონკრეტული დარგები, რომლებიც გაიზარდნენ მნიშვნელოვნად ამ ეკოსისტემაში. მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამშენებლო მასალების სექტორზე და ასე შემდეგ. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა ამ 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ალბათ ბოლო 5-6 წელი იყო ძალიან აქტიური როგორც სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის, ასევე პროგრამების მრავალფეროვნების და მათი დიზაინის განვითარების თვალსაზრისით. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა სადაც მიკრომეწარმე რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს სამეწარმეო საქმიანობის და პირობითად 10, 15, 20 000 ლარის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა აქვს შექმნილი კონკრეტული პროგრამით რომელიც 0%-იანი განაკვეთით უზრუნველყოფს...
დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში 1500-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ამ პროგრამით და მათი უმეტესობა სარგებლობს 0%-იანი განაკვეთით, ეს არის ის პროგრამა რომელიც მოქმედებს. დაწყებული მიკრო მეწარმეობიდან დამთავრებული კორპორატიული ბონდების გამოშვებით. მთელი ეს გზა რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია დამეთანხმებით. კაპიტალის ბაზრის განვითარება ცალკე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სტრატეგიაა საქართველოს მთავრობის , ეკონომიკის სამინისტროსი, ეროვნული ბანკის და საკმაოდ აქტიური ჩართულობა არის მულტი უწყებრივი. კაპიტალის ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. თქვენ იცით, მათ შორის ბონდების ბაზარი, დაახლოებით კორპორაციული ბონდების დღეს აქტიური ბაზარი სამ მილიარდ ლარს აღემატება და ის პროგრამა რომელიც „აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ერთ-ერთი მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა დაახლოებით 900 მილიონი ლარის ბონდები არის გამოშვებული ამ პროგრამის დახმარებით ანუ დაახლოებით მესამედი. მთელი ეს გზა, შემდგარ ბიზნესამდე როდესაც კომპანია ფიქრობს ბონდების გამოშვებას ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ეს არის ის გზა სადაც სახელმწიფო ცდილობს რომ ყოველ ეტაპზე იქ სადაც საჭირო არის გარკვეული ხელშეწყობა, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის იყოს მონაწილე. ეს არის სწორედ ის ფორმულა რაზეც იყო და არის დაფუძნებული „აწარმოე საქართველო“. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და პროგნოზი რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განხორციელება, შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, ყველა ის მიმართულება ენერგეტიკიდან დაწყებული ისევ კაპიტალის ბაზრის განვითარებით დამთავრებული ,ამას ჭირდება კიდევ უფრო მეტი მიზნობრივი ჩართულობა სახელმწიფოში იქ სადაც ბიზნესი მაგალითად არ დგამს პირველ ნაბიჯებს. ესეთი მაგალითები არის ბევრი და სახელმწიფომ გარკვეული რისკი მათ შორის უნდა აიღოს თავის თავზე. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ძალიან ბუნებრივად ამ წარმატებული ინსტიტუტის განვითარება შემდგომ ეტაპზე, უკვე ინსტიტუციური მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პროგრამები მუდმივად იზრდებოდა, ემატებოდა, იცვლებოდა და ასე შემდეგ. ინსტიტუციური განვითარება ნიშნავდა უკვე სხვა ფორმით ამ ორგანიზაციის შექმნას, სადაც მისი მანდატი უფრო გაფართოვდება. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მიმართულებაზე როდესაც მსხვილ, სტრატეგიულ პროექტებში სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის აპრიორი განსაზღვრული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ ენერგეტიკული პროექტები, სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ყველა როგორც ინსტრუმენტების, ასევე კომპეტენციის და ცოდნის აკუმულირება მოხდება ერთ ინსტიტუტში. არამხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არამედ პროექტების განვითარება მათში წილობრივი მონაწილეობა და სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენა, ისევე როგორც მაგალითად „იგლ ჰილსში“, სადაც სახელმწიფო არის პარტნიორი ისევე როგორც ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც სახელმწიფოს ექნება თავისი როლი კერძო ინვესტორებთან ერთად. ისევე როგორც ენერგეტიკულ მსხვილ პროექტებში სადაც სახელმწიფოს გარკვეული როლი არა მხოლოდ მარეგულირებლის, არამედ ერთგვარი პარტნიორის როლი რა თქმა უნდა არსებობს მოდელები", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.