სამედიცინო მომსახურება საქართველოში 26.13%-ით გაძვირდა - რატომ დაიწყო კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მონიტორინგი
წლიურ ჭრილში ქვეყანაში საავადმყოფოს მომსახურების სერვისები 26,13%-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ფასების ცვლილება არ მომხდარა და იგივე დონეზე შენარჩუნდა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების
(10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საგულისხმოა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.
სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და 2 მოკვლევის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.
ბაზრის მონიტორინგის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.
ამ ეტაპზე, GCCA მონიტორინგს ახორციელებს - FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, თამბაქოს, თხილის და ლურჯი მოცვის შესაბამის ბაზრებზე.
სხვა სიახლეები
05.09.2025.17:48
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზესტაფონში შპს „ჯორჯია მეტალის" - ახალი მეტალურგიული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიული საწარმო მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საწარმო ნათელი მაგალითია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მეტალურგიულ საწარმოში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ინვესტიცია 80 მლნ ლარს შეადგენს, წლიური წარმადობა კი 400 ათას ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს.
„სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარს და რომლითაც შემცირდება ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. გადამამუშავებელ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში სექტორი 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველო გლობალურადაა გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მოლოდინებს იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.
„ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც ფუნდამენტური წინაპირობაა ადამიანზე, მეწარმესა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული მოქალაქის, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.