S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს.
ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.16:13
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, ეკონომისტ გოგა ხიშტოვანს ფეისბუქ პოსტზე უპასუხა, სადაც ხიშტოვანი ეკონომიკის დაკრედიტების გამოთვლის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. დავით უტიაშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი გოგა. ჩვენთვის მნიშნველოვან საკითხს ეხება პოსტი და აქვე გიპასუხებთ, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მისცეს.
საკრედიტო ტენდენციების შეფასებისას „ნაკადების“ დინამიკაზე დაყრდნობა ხშირად შეცდომაში შემყვანია. კერძოდ, ახალი გაცემული სესხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული ვალის რეფინანსირებაა და მისი გამორიცხვის გარეშე არასწორ სურათს გვაძლევს როგორ დაკრედიტდა რეალური ეკონომიკა.
ამიტომ, მიღებულია უშუალოდ პორტფელის ნაშთის ზრდაზე დაკვირვება. ამ კუთხით, აპრილის მდგომარეობით, სესხების წლიური ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი სურათია უშუალოდ 2025 წლის პირველი 4 თვის ზრდის ტემპის გაწლიურებისას.
ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებული 18%, თუმცა ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად, სესხების ზრდის ტემპის ასეთი ნორმალიზაცია მოსალოდნელია. ამასთან, სესხების შეფარდებით მშპ-სთან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ასეთ პირობებში, დამატებით კიდევ წლიური 15.5% ზრდა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი მაჩვენებელი. სწორედ ამის ხაზგასმაა ჩვენს რელიზებსა და საჯარო კომუნიკაციაში“.