რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 914.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 54.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 პროცენტით შემცირდა და 497.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (107.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (106.1 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (57.1 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 143.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 71.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 34.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი).
სხვა სიახლეები
14.07.2025.18:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეშ და შპს „მარაბდა-კარწახის" რკინიგზის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.