როგორი იქნება ნავთობის ფასის შოკის გავლენა სუვერენულ რეიტინგებზე - S&P Global-ის ანგარიში
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, ნავთობის ფასის მკვეთრმა ცვლილებებმა შესაძლოა განსხვავებულად იმოქმედოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და თურქეთის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები თავიანთი საბოლოო ენერგომოხმარების 57%-ს იმპორტირებულ ენერგორესურსებზე ამყარებენ. S&P-ის ანგარიშში განხილული შვიდი ეკონომიკა - ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი (CEE5), სერბეთი და თურქეთი - ერთობლივად წარმოადგენს დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის მშპ-ს, რაც ეკონომიკურად დაახლოებით იაპონიის ზომის ბაზარს შეესაბამება.
ანგარიშის თანახმად, CEE ქვეყნები გამოირჩევიან ფართო წარმოებით, რის გამოც მშპ-სთან მიმართებაში ენერგიის მოხმარება 19%-ით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, ენერგიისა და კომუნალური მომსახურების სექტორი უფრო დიდ წილს იკავებს შინამეურნეობებისა და მწარმოებლების ფასების ინდექსებში.
S&P Global-ის საბაზისო სცენარით, 2026 წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $80 იქნება.
სააგენტოს რისკის სცენარის თანახმად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 2026 წელს 130$-მდე გაიზრდება, ხოლო 2027 წელს $98-მდე დაეცემა. ეს სცენარი ეფუძნება ვარაუდს, რომ ომი გაგრძელდება გრძელვადიან პერიოდში და მისი გავლენა ენერგიის ფასებზე 12 თვეს გადააჭარბებს.
S&P Global-ის შეფასებით, ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ენერგოგენერაციის შესაძლებლობები, სავარაუდოდ, ნაკლებად დაზარალდებიან მაკროეკონომიკურ დონეზე. ძლიერმა საჯარო ან საგარეო ფინანსურმა პოზიციებმა (მაგალითად ჩეხეთსა და პოლონეთში) ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ნავთობის ფასის შოკი.
ენერგოიმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ ყველაზე მეტად შეეხებათ ნავთობის შოკის ეფექტი. სლოვაკეთსა და უნგრეთში რეიტინგები უკვე ნეგატიური პერსპექტივით გამოირჩევა, რაც ნაწილობრივ ასახავს ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საფინანსო რისკებს.
,,თურქეთის შემთხვევა განსაკუთრებულია - მაღალი ინფლაცია, მოსახლეობის სუსტი ნდობა ადგილობრივი ვალუტის მიმართ და ცენტრალური ბანკის ზომიერი ვალუტის რეზერვები შეაჩერებს თურქეთის „BB-“-რეიტინგის ზრდას. ენერგიის ფასების ხანგრძლივად მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს თურქეთის ეკონომიკაზე", - წერს სააგენტო.
სხვა სიახლეები
სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები 13 - 18 აპრილს გაიმართება
06.04.2026.08:43
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები აერთიანებს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრებს, კერძო სექტორის აღმასრულებელ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აკადემიურ წრეებს, რათა განიხილონ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ფინანსური სტაბილურობა და სიღარიბის შემცირება. ეს შეხვედრები მსოფლიოში ერთადერთი ასეთი ტიპის პლატფორმაა და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე დისკუსიისთვის.
2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრები გაიმართება ფიზიკურ ფორმატში ორშაბათიდან, 13 აპრილიდან, შაბათამდე, 18 აპრილამდე, IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სათაო ოფისებში, ვაშინგტონში.