როგორ უნდა გახდეს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფრო მარტივი - გერმანელი ექსპერტი
სატრანსპორტო პოლიტიკაზე თბილისის მუნიციპალიტეტი უცხოელ ექსპრტებთან ერთად მუშაობს, ისეთებთან, რომელებსაც ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ტორბენ ჰაინემანია, რომელსაც Business Insider Georgia ექსკლუზიურად ესაუბრა.
მისი სფერო საგზაო მოძრაობის დაგეგმვაა. ტორბენ ჰაინემანი ამბობს, რომ თბილისს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის სამომავლო გარდაქმნასთან დაკავშირებით ბევრი ისეთი პრობლემა აქვს, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა დიდ ქალაქებს. ამასთან ერთად ძველი ციცაბო უბნების, უამრავი ვიწრო ქუჩების რთული ტოპოგრაფია კიდევ უფრო ართულებს დიდი ტევადობის საზოგადოებირივი ტრანსპორტის დანერგვას.
მისი თქმით, დადებითი ის არის, რომ არსებობს დიდი რაოდენობით კომპრესირებული ბუნებრივი აირით მართვადი თანამედროვე ავტობუსები, ახალი მინი ავტობუსები და მეტროს მოდერნიზებული ვაგონები.
ექსპერტის აზრით, ეს კი კარგი ბაზაა საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის ახალი 18 მეტრიანი ავტობუსებისთვის გარდასაქმნელად და ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ავტობუსის უფრო გამოკვეთილი ზოლები, საზოგადოებრივი ტრასპორტი ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
„როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სარკინიგზო მომსახურება თბილისის მიმდებარე რეგიონებთან სწრაფი დაკავშირების ალტერნატიული ვარიანტი უნდა იყოს. ამასთან, ქუჩებში მასობრივი სარკინიგზო მომსახურების ხელახალი დანერგვის სხვადასხვა ვარიანტები სათანადო კვლევებით უნდა შემოწმდეს და პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებთან ერთად უნდა იქნას განხილული“, - განაცხადა ტორბენ ჰაინემანი.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ექსპერტი გვეუბნება, რომ თბილისი უფრო მიმზიდველი ქალაქი გახდება, თუ ყოველდღიური გადაადგილებისთვის მოქალაქეებს მეტი ვარიანტი ექნებათ და არ დასჭირდებათ პირადი ავტომობილის გამოყენება.
ჩვენი რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს დედაქალაქის უბნების განვითარებას ველო-მეგობრულ უბნებად, რაც უფრო ზუსტად ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელ უბნებში ავტომობილით გადაადგილება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ საათში 30 კილომეტრის სიჩქარით, ან უფრო ნელა. რაც შეეხება მთავარ ქუჩებს, მისი აზრით საჭიროა ველოსიპედისთვის განკუთვნილი დამოუკიდებელი ბილიკები.
„ავტობუსების მთავარი მარშრუტები მგზავრებს უნდა სთავაზობდნენ მაქსიმალურად განცალკევებულ ავტობუსის ხაზებს და/ან ავტობუსებისთვის პრიორიტეტის აღმნიშვნელ სიგნალს. რათა დაჩქარდეს ავტობუსების მუშაობის სისწრაფე. ეს კი მომსახურების უფრო მაღალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. პირადი ავტომობილების გამოყენებასთან შედარებით, სერვისი უფრო საიმედო, სწრაფი და მიმზიდველი იქნება.
ავტობუსის ზოლები არ უნდა შეიზღუდოს ნაგვის გადასაყრელი ზონებით. ავტომობილების და სატვირთო მანქანების პარკინგი შესაბამისად უნდა იმართებოდეს, ველოსიპედებისთვის კი შესაბამის მიმართულებებზე უნდა არსებობდეს ცალკე პარკინგი“, - აცხადებს ტორბენ ჰაინემანი.
ბუნებრივია გვაინტერესებს, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობის დროს სააგენტოს უცხოელი ექსპერტი, რომელი ქვეყნების და ქალაქების პრაქტიკას ეყრდნობა. ტორბენ ჰაინემანი გვეუბნება, რომ გერმანიის მაგალითები, განსაკუთრებით მათი ბოლოდროინდელი ტრანსფორმირების ფონზე, თბილისისთვის ძალიან სასარგებლოა.
„მნიშვნელოვანია იმის აღქმა, თუ სად არის ახლა თბილისი, და კონკრეტულ გამოწვევებთან გამკლავებაში სხვა ქალაქების რა გამოცდილება თუ მაგალითი დაეხმარება.
ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენიდან, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას თბილისის ცენტრში მოძრაობის გასაუმჯობესებლად, ველო-მეგობრული უბნების განსავითარებლად, ან იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა შეიქმნას ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ხიდებზე.
ლაიფციგისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ გადავაქციოთ სატრანსპორტო სისტემა სოციალისტური ეკონომიკიდან თანამედროვე დასავლურ სისტემად. ასევე თუ როგორ დავიცვათ ქალაქის ცენტრალური ნაწილი მზარდი რაოდენობის კერძო ავტომობილებისგან. 30 წლის წინ ლაიფციგმა ქალაქის ცენტრში ავტომობილების შესამცირებლად კონცეფცია შეიმუშავა. ის 15 წლის წინ განახლდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ლაიფციგის მცხოვრებლები კერძო ავტომობილს სხვა სატრანსპორტო საშუალებას ამჯობინებენ.
სხვა ქვეყნებია ნიდერლანდები, პოლონეთი, ავსტრია, შვეიცარია და სინგაპური. თბილისისთვის მისაბაძი მაგალითებია ვენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქვეითთა და ველო-მეგობრულობის კუთხით. ბრიუსელი, ქალაქის ცენტრში მოძრაობის განმუხტვის, ბარსელონა - სუპერბლოკების კუთხით, პარიზი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ველო-მეგობრულობის თვალსაზრისით, სინგაპური - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტად გახდომის და ურბანული დაგეგმარების პროცესის კუთხით, ლვოვი - დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით.
გამოცდილების გაზიარება ასევე შესაძლებელია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, მათ შორის არიან ნანტი, ბაქო, ერევანი და ლუბლიანა“, - აცხადებს ტორბენ ჰაინემანი.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.