როდესაც ჰაბის სტატუსზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს მსხვილ ბაზრებზე, საქართველო თავისი სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობით ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს - გენადი არველაძე
საქართველო არ კარგავს აქტუალურობას, პირიქით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფორუმისადმი ინტერესი დიდია და მას საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები დასწრებიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს, მიუხედავად იმ ტურბულენტური გარემოსი, რომელიც რეგიონში და ზოგადად გლობალურად არის - ძალიან რთულია საერთაშორისო სტუმრების ამ მასშტაბით ვიზიტი და ასევე ამდენი სტუმრის კონსოლიდაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არ კარგავს აქტუალურობას, პირიქით. წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვანია და ხარისხობრივად არის ასევე მაღალი დონის - რეგიონის ქვეყნებიდან გვესტუმრებიან პრემიერ-მინისტრები, ეს არის სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეგიონის და რეგიონსმიღმა ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვმასპინძლობთ, სადაც ვმსჯელობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დაკავშირებადობას, როგორც ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მისი თქმით, ფორუმზე განხილული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თემები და საკითხები. მათ შორის საქართველო ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიზანშეწონილობის კვლევის შედეგებს გააცნობს.
„ტრადიციულად ჩვენ ვმართავთ 4 ძირითად მიმართულებას, რომელიც დაკავშირებადობას უკავშირდება. ვაჭრობის პანელი გვექნება, საქართველოს პოზიციონირებას შევძლებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება ქვეყნისთვის. მაშინ როდესაც ჰაბზე გვაქვს პრეტენზია მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს ამ მსხვილ ბაზრებზე და ამ კუთხით საქართველო, როგორც სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ენერგეტიკის მიმართულება იქნება მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ შევძლებთ წარმოვაჩინოთ საქართველოს ის ახალი მიზანი, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროკავშირთან დაკავშირებადობას. პირველი იქნება ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად დაუკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემა ევროპულ ბაზარს. და ამ პროექტთან დაკავშირებით პირველი მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებულია და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩამოსულ სტუმარს გავაცნოთ აღნიშნული შედეგები. ასევე ის რაც გაქვს სატრანსპორტო მიმართულებით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც განსახორციელებელი, ისე უკვე განხორციელებული. ამ კუთხით ჩვენ გაქვს სპეციალური პანელი, სადაც საქართველო მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებს და მიაწოდებს როგორც ჩამოსულ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილები გალფის ქვეყნებიდან. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რადგან უფრო მეტად ისინი დაინტერესდნენ მომავალში, რომ ამ სექტორებში განახორციელონ ინვესტიციები, როგორიც არის სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულება, იგივე განახლებადი ენერგიები და ამ კუთხით კაბელი ხელს შეუწყობს დივერსიფიცირების კუთხით მეტი შესაძლებლობა ექნებათ აქ წარმოებული ელექტროენერგიის გატანის. ასევე მნიშვნელოვანია ახალი აეროპორტის პროექტი, რომელზედაც ჩვენ გვექნება დეტალური პრეზენტაცია, თუ რა სამუშაოები გავწიეთ დღემდე და რა გვაქვს დაგეგმილი კონკრეტულ ვადებში“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ცნობილია, რომ პირველად, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
„რაც სიახლე გვაქვს ფორუმთან დაკავშირებით - ფინანსური ტექნოლოგიების სამიტი. პირველად ასეთი მასშტაბის ფორუმი გაიმართება. ეს არის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, რომელსაც დაეთმობა მეორე დღე, სადაც სინგაპურულ წამყვანი ტექნოლოგიების კომპანიასთან ერთად ჩვენ ვახდენთ გლობალურ მასშტაბში აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიების აქ ჩამოსვლას და საქართველოს კიდევ დამატებით პოზიციონირებას, რომ საქართველო მათ შორის არის ჰაბი ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც ცენტრალური აზიისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის. 700-ზე მეტ სტუმარს მხოლოდ მეორე დღეს ველოდებით საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
17.10.2025.19:00
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი.