რეკორდულად მაღალია სავალუტო ინტერვენციები, რასაც ძირითადად განაპირობებს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები - თამთა სოფრომაძე
რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ყოველთვიურად მზარდი ტენდენცია, - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, რომელიც დღეს რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ სებ-მა შეისყიდოს რეზერვები.
რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ტენდენცია, რომ იზრდება ყოველთვიურად როდესაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ სტატისტიკას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვხედავთ, რომ არის მზარდი, თავისთავად ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ასახვა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეროვნული ბანკისთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი ის, რომ რეზერვები დააგროვოს და ჰქონდეს ადეკვატურ დონეზე, როდესაც ბაზარი და მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ შევისყიდოთ რეზერვები, ამ პოლიტიკას მივყვებით და ბოლო მონაცემი რაც გვქონდა გამოქვეყნებული რეზერვი არის 5,4 მილიარდი აშშ დოლარი. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და დაახლოებით პარასკევს გამოვაქვეყნებთ შემდგომ სტატისტიკას რეზერვების შესახებ.
წლის განმავლობაში ამ მოცულობით შესყიდვა, წინა წლებში არასდროს განხორციელებულა, რეკორდულად მაღალი არის სავალუტო ინტერვენციები, რასაც განაპირობებს ძირითადად ისევ და ისევ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.
როდესაც ხდებოდა მსგავსი პროგნოზების გაკეთება, ან თუნდაც კომენტარის გაკეთება გასული წლის ბოლოს, საუბრის დროს, მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაყიდვების მიმართულებით განახორციელა ინტერვენცია. მაშინაც ჩვენი კომუნიკაცია და ჩვენი ანალიზი იყო ის, რომ გაცვლით კურსს საბოლოოდ აყალიბებს ის, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს – ფუნდამენტური ფაქტორები.
დანარჩენი ეს აჟიოტაჟი, მოლოდინების გაუარესება ან პირიქით, მხოლოდ მოკლევადიან გავლენას ახდენს. შარშან წლის ბოლოს იყო ეს მომენტი, როდესაც გარკვეულ ტიპის აჟიოტაჟი, მოლოდინები ახდენდა კურსზე გავლენას. იმიტომ, რომ ჩვენ ხელთ გვქონდა ანალიზი, მონაცემები იმისა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები იყო საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარეობდა კურსზე ზეწოლა.
შესაბამისად, 2025 წლის დასაწყისიდან თავისთავად, რადგანაც ფუნდამენტური ფაქტორები იყო ძლიერი, კურსი სტაბილურად შენარჩუნდა ამ ნიშნულზე და შესაბამისად მოლოდინებიც შეიცვალა. მაგალითად, ძალიან კარგი საზომი არის თუ როგორი არის დეპოზიტების დოლარიზაცია. შარშან, წლის ბოლოს საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. დაახლოებით, 54 %-მდეც ავიდა, 53-54 %-მდე, თუმცა როგორც აღვნიშნე რადგანაც ანუ თავისთავად მაკროეკონომიკური მდგომარეობა აყალიბებს კურსს და შემდეგ წამოვიდა ტენდენცია, რომ ეს კურსი არის სტაბილური შემდეგ მოლოდინებიც შეიცვალა და დღეის მდგომარეობით, თუ გასული წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი 53% იყო დოლარიზებული - დღეს ეს მაჩვენებელი არის 49.2-ზე ჩამოსული, ისევ ლარის დეპოზიტების მიმართულებით გაიზარდა,“ - აცხადებს თამთა სოფრომაძე.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.