რეინვესტიციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და დაახლოებით 83%-ს შეადგენს - გოგიტა თოდრაძე
კვლავ მაღალია, დაახლოებით 83%-ს შეადგენს რეინვესტიციის მაჩვენებელი, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, რომელმაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შეაჯამა, რომელიც საქსტატმა რამდენიმე დღის უკან გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხე კვარტლის მონაცემებით 392 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მცირედით ნაკლებია, 2.3 პროცენტით, თუმცა ეს ძირითადად მოდის სავალო ვალდებულებების ნაწილზე, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, ანუ რეალურად დაიფარა სესხის გარკვეული ნაწილი, თორემ სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებელი პირიქით ზრდადია. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ჯამური მაჩვენებელი 1 მილიარდ 688 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 7.6 პროცენტით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და აქ საინტერესო გახლავთ ისიც, რომ კვლავ მაღალია, დაახლოებით 83 პროცენტს შეადგენს რეინვესტიციის მაჩვენებელი და ეს ზრდა ძირითადად რეინვესტიციის და სააქციო კაპიტალის ზრდით არის განპირობებული. საინტერესო სურათია ქვეყნების და განხორციელებული დარგების ანალიზისას, სადაც განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებად გვევლინება 2025 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის თურქეთი და მალტა. გაერთიანებულ სამეფოზე მოდის დაახლოებით 20-21 პროცენტი, დანარჩენ ორ ქვეყანაზე დაახლოებით 10-11 პროცენტის ფარგლებშია აღნიშნული მაჩვენებელი. რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, რომელზეც თითქმის მესამედი მოდიოდა, 35 პროცენტი. შემდეგ მოდის უძრავი ქონება, ტრანსპორტი და დამამუშავებელი მრეწველობა“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას - მარიამ ქვრივიშვილი
04.04.2026.22:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა, 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას.
„2036 წელს დადგმული სიმძლავრე უნდა შეადგენდეს 11,500 მგვტ-ს, როდესაც დღეს გვაქვს 4,700 მგვტ. ყველა ის პროექტი, რომლებიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადებს, ისევე როგორც უნდა ეფუძნებოდეს იმ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოდ და მდგრადად, ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეგმაზე მუშაობის პროცესში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა კერძო სექტორთან. 10-წლიანი გეგმა ორ ფაზად დაიყო - მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4,000 მგვტ, რომელიც განაწილებულია მზის, ქარის, ისე როგორც ჰიდრორესურსის სწორ ბალანსზე. შემდგომი 5 წლის განმავლობაში კი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას კიდევ 2,700 მგვტ დაემატება, რომლის უმეტესი წილიც მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მოდის.
„ენერგეტიკული რესურსების კვლევა მუდმივი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი მხრივ სექტორის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ამომწურავი კვლევების ფორმირება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად და სწორად შევაფასოთ ის საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰიდროენერგეტიკაში აქვს. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ერთია - ინვესტორების სურვილი და მოტივაცია, მეორე მხრივ კი ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხითაა დღეს საქართველოში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში შემუშავებულია სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, მათ შორის - გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების კუთხით იმისთვის, რომ თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ ახალი დადგმული სიმძლავრეები მიიღოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების ძალიან მნიშვნელოვან, სწორ ბალანსზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანება მთავარი იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების - ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური აღორძინების და რაღა თქმა უნდა, იმპორტზე დამოკიდებულების ერთობლივი ძალისხმევით შემცირებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.